აშშ-ის პროკურატურამ პარასკევს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა გაასაჯაროვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2021 წელს თეთრი სახლის დატოვების შემდეგ ის საიდუმლო დოკუმენტებთან კვლავ მუშაობდა.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ტრამპს ბრალი 37 პუნქტით წაუყენეს. ამავე საქმეზე ბრალდებულია ყოფილი თანაშემწე უოლტ ნაუტა.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს წინაშე 13 ივნისს, თავის 77-ე იუბილემდე ერთი დღით ადრე უნდა წარსდგეს.
"უდანაშაულო ადამიანი ვარ!" - დაწერა ტრამპმა თავის პლატფორმა Truth Social-ზე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მას ბრალი წაუყენეს.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, დოკუმენტები მოიცავს ზოგიერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო საიდუმლოებას, მათ შორის ინფორმაციას აშშ-ს ბირთვული პროგრამის შესახებ. ერთ-ერთი დოკუმენტი ეხებოდა უცხო ქვეყნის ტერორიზმის მხარდაჭერას აშშ-ს ინტერესების საწინააღმდეგოდ. მასალები მოპოვებულია პენტაგონიდან, ცენტრალური სადაზვერვო სამსახურიდან, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოდან და სხვა სპეცსამსახურებიდან.
პროკურატურა ამბობს, რომ ტრამპი შეეკრა ნაუტას, რათა თეთრი სახლიდან წამოღებული დოკუმენტები შეენახათ. მათივე თქმით, 2022 წელს FBI-სთან საუბრის დროს ნაუტამ მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ არ იცოდა, როგორ მოხვდა დოკუმენტები მარ-ა-ლაგოში, ტრამპის ოთახში, თუმცა სინამდვილეში, მათ გადატანაში ეხმარებოდა.
გარდა ამისა, საბრალდებო დასკვნას თან ახლავს ფოტოები, რომლებზეც ასახულია, რომ დოკუმენტები ყუთებით მოთავსებულია სააბაზანოში, საკუჭნაოში და ზოგიერთი მათგანი იატაკზე იდო. ტრამპი დოკუმენტებს ინახავდა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს მამულში და ნიუ-ჯერსის გოლფ-კლუბში.
პროკურატურის განცხადებით, საიდუმლო დოკუმენტების არასანქცირებულმა გასაჯაროებამ შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს აშშ-ის უსაფრთხოება, საერთაშორისო ურთიერთობები.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის წარდგენილი ფედერალური ბრალი უპრეცედენტოა. ამას ემატება ისიც, რომ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევ