logo
ENG



ბრალი წაუყენეს ალტ-ინფოს წევრს, რომელიც ანგლიკანური ეკლესიის პასტორალურ ლიდერს ემუქრებოდა

15 მარ 202318:33
3 წუთის საკითხავი
 
ბრალი წაუყენეს ალტ-ინფოს წევრს, რომელიც ანგლიკანური ეკლესიის პასტორალურ ლიდერს ემუქრებოდა

თანასწორობის მოძრაობის ცნობით, ძალადობრივი და პრორუსული ალტ-ინფოს წევრს, რომელიც ანგლიკანური ეკლესიის პასტორალურ ლიდერს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ბრალდება წაუყენეს. ორგანიზაციის ცნობით, დაზარალებულის ინტერესებს თავად იცავდნენ.

მათი თქმით, 2022 წლის 5 აგვისტოს ეპისკოპალური ეკლესიის პასტორალურმა ლიდერმა ანგლიკანური ეკლესიის ფეისბუქ გვერდზე განათავსა პოსტი, რომ მათ ეკლესიაში პირველად მოხდა ერთნაირ სქესიან წყვილთა შორის ქორწინება. ორგანიზაცია წერს, რომ პოსტის განთავსებიდან რამდენიმე წუთში მას ტელეფონზე დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

"ასევე, აღნიშნული პიროვნება პოსტის კომენტარებშიც აკეთებდა ძალადობრივ მოწოდებებსა და იმუქრებოდა როგორც ეკლესიის ასევე, მრევლის სიცოცხლის მოსპობით. გამომდინარე იქიდან, რომ მუქარის განმახორციელებელი არც ერთი პირის პასუხისმგებლობა არ დადგა, 2022 აგვისტოდან დღემდე ანგლიკანური ეკლესიის ლიდერი საცხოვრებელ სახლში აღავლენდა ღვთისმსახურებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

თანასწორობის მოძრაობის ცნობით, უამრავი განცხადებისა და საჩივრის გაგზავნის შემდეგ, 2023 წლის 14 მარტს ანგლიკანური ეკლესიის პასტორალური ლიდერი დაზარალებულად ცნეს, ხოლო ძალადობრივი ჯგუფის ალტ-ინფოს ერთ წევრს ბრალდება წარედგინა. ბრალდებულის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც მუქარას გულისხმობს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მათი ინფორმაციით, პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების თაობაზე მიმართვას აპირებს.


close დახურვა