logo
ENG



ბრეგაძე გაქცეულ პატიმრებს: მოვუწოდებ, დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცავებს

01 ნოე 202318:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/01/goa4bnlsg1dhnu9.png

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სამი პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა გაქცეულებს მოუწოდებს, "გონს დროულად მოეგონ" და ასე მაინც შეიმცირონ პასუხისმგებლობა.

"გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტს ამ ეტაპზე ვერ გაგიზიარებთ, მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ვისარგებლებ ეთერების საშუალებით და მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცავებს და იქნებ, ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს", - განაცხადა მან.

მისი თქმით, თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობა, რომ უნდა შეესრულებინა რაიმე მოქმედება და არ შეასრულეს, მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგება.

დღეს თბილისში, ავერსის ერთ-ერთი კლინიკიდან გამოკვლევაზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. ინფორმაცია ფორმულას ავერსის კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, პატიმრები ბადრაგებს ჰყავდათ, რა დროსაც ისინი გაიქცნენ. რატი ბრეგაძემ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პატიმრებმა ბადრაგი გაიტაცეს.


close დახურვა