იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე პატიმრების გაქცევასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "საშიში არაფერია" და მსგავსი ტიპის დანაშაული ყველა სახელმწიფოში ხდება. მისი თქმით, აკეთებენ ყველაფერს, რომ გაქცეული პატიმრები დააკავონ და ისინი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.
"მოვუწოდებ მათი ოჯახის წევრებს, ასევე, იმ პირებსაც, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ მათთან კავშირი, რომ ნებისმიერი სახის ხელშეწყობა არის მძიმე დანაშაული ამ ადამიანებისთვის და შესაბამისად, ის პირი, თუკი ვინმე შეუწყობს ხელს ამ ადამიანებს მიმალვაში, რა თქმა უნდა, იქნება კანონის სრული სიმკაცრით დასჯილი.
ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და რა თქმა უნდა, მიღებულია ყველა სახის ღონისძიება იმისთვის, რომ ეს ადამიანები დროულად იყვნენ დაკავებული და არ წარმოადგენდნენ საფრთხეს საზოგადოებისთვის. არაფერია საშიში, მსგავსი ტიპის დანაშაული ხდება ყველა სახელმწიფოში. თუმცა, დგება შესაბამისი პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, რომლებმაც ჩაიდინეს ეს დანაშაული. ასევე, თუკი რომელიმე თანამშრომლის მხრიდან გამოიკვეთება სამართალდარღვევა, დადგება პასუხისმგებლობა ამ თანამშრომელზეც", - განაცხადა მან.
დღეს თბილისში, ავერსის ერთ-ერთი კლინიკიდან გამოკვლევაზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. ინფორმაცია ფორმულას ავერსის კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, პატიმრები ბადრაგებს ჰყავდათ, რა დროსაც ისინი გაიქცნენ. რატი ბრეგაძემ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პატიმრებმა ბადრაგი გაიტაცეს.