logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: სექტემბრიდან რუსეთის სკოლებში სამხედრო წვრთნების კურსი დაინერგება

29 იან 202313:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/29/7z5qyo8l26gkhg8.jpg
REUTERS/Eduard Korniyenko

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ბოლო კვირებში რუსეთის განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული სკოლების სასწავლო გეგმაში საბაზისო სამხედრო წვრთნების სავალდებულო კურსი 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევა.

დაზვერვის ცნობით, სამხედრო წვრთნა, რომელიც მათ შორის ავტომატური იარაღისა და ხელის ყუმბარების გამოყენების სწავლასაც მოიცავს, რუსულ სკოლებში, ახალი სასწავლო წლიდან, 2023 წლის სექტემბრიდან სავალდებულო გახდება.

უწყება ასევე აცხადებს, რომ გასული წლის დეკემბერში რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტრომ უნივერსიტეტებში სამხედრო წვრთნების პროგრამის დანერგვაზეც ისაუბრა.

„ერთი მოდული "სიცოცხლის უსაფრთხოების საბაზისო წესების" კურსში მოიცავს წვრთნებს ავტომატური კალაშნიკოვის იარაღითა და ხელის ყუმბარებით, სამხედრო სწავლებას და მისალმებას და თავდაცვითი აღჭურვილობის გამოყენებას. 2023 წლის პირველი სექტემბრიდან გაკვეთილები სავალდებულო გახდება. დამატებით, 2022 წლის დეკემბერში მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტრომ გამოაცხადა „სამხედრო წვრთნების საბაზისო“ პროგრამა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის“ - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

ბრიტანეთის უწყება აცხადებს, რომ ეს ინიციატივები ომის პერიოდის რუსეთში მზარდად მილიტარიზებულ ატმოსფეროზე მიუთითებს და იმავდროულად ჰგავს საბჭოთა პერიოდის პრაქტიკის მიზანმიმართულ გაცოცხლებას - ამგვარი წვრთნები საბჭოთა სკოლებში 1993 წლამდე სავალდებულო იყო.


close დახურვა