ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადებით, უკრაინაში ომი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს რუსეთის მოწინავე შენაერთებს.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, უკრაინელებმა, სულ მცირე, ერთი T-90M, რუსეთის მოწინავე ტანკი გაანადგურეს. T-90M 2016 წელს შეიქმნა და მოიცავს გაუმჯობესებულ ჯავშანს, განახლებულ იარაღს და სატელიტური სანავიგაციო სისტემებს.
ახლა რუსეთის შემადგენლობაში დაახლოებით 100 T-90M ტანკია, თუმცა, თუ ის სხვა ელემენტებით აღჭურვილი არ არის, დაუცველი რჩება.
"უკრაინაში ომი მძიმე ზარალს აყენებს რუსეთის ზოგიერთ ყველაზე ქმედუნარიან ქვედანაყოფს და მოწინავე შენაერთებს. ამ კონფლიქტის შემდეგ რუსეთს დიდი დრო და ხარჯები დასჭირდება შეიარაღებული ძალების აღსადგენად. განსაკუთრებით რთული იქნება მოდერნიზებული და მოწინავე აღჭურვილობის შეცვლა სანქციების გამო, რომლებიც ზღუდავს რუსეთის წვდომას კრიტიკულ მიკროელექტრონულ კომპონენტებზე". - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის განცხადებაში.