ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების პაკეტს მხარს დაუჭერს.
ფორმულასთან ინტერვიუში მარკ კლეიტონმა თქვა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ლონდონში 260 მილიარდი ფუნტის ღირებულების რუსული ქონება გაყინა და რომ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.
"გაერთიანებულმა სამეფომ გაყინა 260 მილიარდი ფუნტის ღირებულების რუსული ქონება ლონდონში. მე არ მჯერა, რომ ჯერ ამ გზის ფინალს მივუახლოვდით. იმედი მაქვს, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად დაუჭერს მხარს სანქციების ამ პაკეტს". - თქვა კლეიტონმა.
მისივე განცხადებით, უკვე დადგა სანქციების მყისიერი ეფექტი, თუმცა, მალე გამოჩნდება სანქციების გრძელვადიანი შედეგებიც.
"გაერთიანებული სამეფოს მთავრობა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, დიდი შვიდეულის, ნატოს მოკავშირე ქვეყნების მთავრობები და უამრავი ხალხი არ მოაწერდნენ ხელს და არ აღასრულებდნენ სანქციების ამ პაკეტს, რომ ჩაგვეთვალა რომ სანქციები არ მუშაობს.
ეს ჩვენი პოლიტიკის საკვანძო ასპექტია, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ ეკონომიკურ ზეწოლას რუსეთზე. მე ვისაუბრე ქონებაზე, რომელიც გავყინეთ.
ჩვენი სანქციების ქვეშ მოხვდა 300-მდე ორგანიზაცია და ინდივიდუალური პირი. ჩემი აზრით, ჩვენ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ვართ. არ მგონია რომ ამ ზომებმა აჩვენეს მთლიანი შედეგი.
რაც დრო გავა, ნახავთ ამ გადაწყვეტილებების უფრო დიდ გავლენას. რუბლის ღირებულება ბოლო 1 კვირაში თითქმის განახევრდა. მოსკოვის საფონდო ბირჟა არ გახსნილა შეჭრის შემდეგ. ეს დაუყოვნებლივი ეფექტია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ეფექტი, საქმე ეხება იმას, რომ რუსეთის ომის მანქანას დაფინანსება შეუწყდეს. იცით, რომ ახლა დებატები მიმდინარეობს იმაზე, რომ შევეცადოთ ევროპის მხარდაჭერას თავი დააღწიოს რუსულ ნავთობსა და გაზს. ეს გრძელვადიანი და ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა". - განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში.
მარკ კლეიტონმა ილაპარაკა თბილისში გამართულ სოლიდარობის აქციებზეც.
"ქართველი ხალხის პასუხი შეჭრაზე იგივეა,რაც მთელ მსოფლიოში. ყოველდღიური აქციები, ყოველდღიური მხარდაჭერა და სოლიდარობის დემონსტრაციები. ბოლო რამდენიმე კვირაა, ყველგან მხვდება უკრაინული დროშები და საქართველოს დროშები. ჩვენი საელჩოს წინაც ფრიალებს უკრაინული დროშა სოლიდარობის ნიშნად. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს პოზიცია ძალიან ნათელია, საერთაშორისო პერსპექტივიდან საქართველო ძალიან მტკიცეა აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი პასუხის მხარდაჭერაში, იქნება ეს გაეროს უშიშროების საბჭო თუ გენერალური ასამბლეა, ეუთო, ევროპის საბჭო, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და ასე შემდეგ. საქართველო დგას იქ, სადაც გაერთიანებული სამეფო, ამ ზომებთან დაკავშირებით. როდესაც საქმე სანქციებს ეხება, მე ვიტყოდი, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ყველაზე ფართო დაჯგუფებას სანქციების მომხრე ქვეყნებისა, რაც კი წარმოსადგენია. მასშტაბებით ეს უპრეცედენტოა". - ამბობს ელჩი.