წარმოშობით ირანელი, ბრიტანეთის მოქალაქე მკვლევარი, აიდა ბალაფქანი ქვეყანაში არ შემოუშვეს. მკვლევარი რადიო თავისუფლებასთან ყვება, რომ ამის მიზეზი მისი ეთნიკური წარმომავლობა გახდა.
აიდამ დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა 2014 წელს მიიღო. დღეს ის ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ანთროპოლოგიის განყოფილების დოქტორანტია და სადოქტორო ნაშრომს წერს ხალიჩებისა და ტრადიციული ქსოვილების შესახებ. საქართველოში მეუღლესთან ერთად 26 აპრილს ჩამოფრინდა, ჰქონდა სასტუმროს ჯავშანი და უკანა გზის ბილეთიც. ქვეყანა 17 მაისს უნდა დაეტოვებინა. ჩამოსვლა აიდას პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მოუწია. ის სადოქტორო ნაშრომზე მუშაობას აპირებდა და ანთროპოლოგიური კვლევის ჩატარებას გეგმავდა.
მისი უკან გაბრუნების მიზეზი ბუნდოვანია. მხოლოდ ის უთხრეს, რომ გადაწყვეტილება "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის საფუძველზე მიიღეს. ამ კანონის ჩანაწერით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლაზე უარი შეიძლება ეთქვას, "საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში". რა იგულისხმება, სხვა შემთხვევებში აიდას მაგალითზე ეს უცნობია. აიდასგან განსხვავებით, საზღვარი გადმოკვეთა მისმა მეუღლე, რომელიც, ასევე, ბრიტანეთის მოქალაქეა.
მკვლევრის ინტერესების დამცველი სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტი, თათია კაჭარავაა. როგორც ის ფორმულასთან ამბობს, ბრიტანეთის მოქალაქეს რამდენიმე საათის განმავლობაში უსვამდნენ კითხვებს მისი მეუღლისგან განცალკევებით.
"ჩვენ გვაქვს არაერთი შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყება დაუსაბუთებლად, მიზეზგარეშე ადამიანებს, რომელთაც აქვთ ჩვეულებრივი, კანონმორჩილი საქმიანობა და არ ჩაუდენიათ არც ერთი გადაცდომა, აქვთ წარსული ვიზიტების გამოცდილებაც, ასეთ ადამიანებს რატომღაც უეცრად შსს ეუბნება უარს", - აღნიშნავს კაჭარავა.
ახლა აიდა იურისტებთან ერთად გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. როგორც კაჭარავა განმარტავს, თავდაპირველად გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაჩივრდება, მოთხოვნის არდაკმაყოფილების შემთხვევაში კი დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებენ.
აიდა ბალაფქანის საქართველოში შემოსვლის შეზღუდვის ფაქტი გააპროტესტა აკადემიურმა სივრცემ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის მკვლევრების ინიციატივით შეიქმნა ონლაინ-პეტიციაც, რომელსაც 200-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მკვლევარი და მეცნიერი აწერს ხელს. ის უნივერსიტეტი კი, სადაც აიდა სწავლობს შეშფოთებას გამოთქვამს, საგანმანათლებლო დაწესებულებამ წერილობითი მხარდაჭერა დავის პროცესში უკვე წარმოადგინა. აიდა ბალაფქანის ისტორიის შესახებ ინფორმირებულია დიდი ბრიტანეთის საელჩო თბილისში. როგორც დიპლომატიურ უწყებაში განმარტავენ, მათი ქვეყნის მოქალაქის დეპორტაციის საქმეზე შესაბამის სტრუქტურებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.