დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები ბრიტანეთის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების ფრენას სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს და რუსეთში კოსმოსურ და საავიაციო ტექნოლოგიების ექსპორტს ზღუდავს.
ამ ზომებით ბრიტანეთის ხელისუფლებას შეეძლება რუსული ავიაცია დააკავოს, რადგან ქვეყანაში მათი შემოსვლა და დაშვება კრიმინალურ დანაშაულად გამოცხადდა.
მინისტრებმა განაცხადეს, რომ სანქციები ასევე შეეხება კრემლთან დაახლოებულ პირებს.
გარდა ამისა ვაჭრობაზე დაწესებული ახალი სანქციებით, დიდი ბრიტანეთს ეკრძალება საავიაციო და კოსმოსთან დაკავშირებული ტექნოლოგიების რუსეთში ექსპორტი. მათ შორის ავიაციასთან დაკავშირებული ისეთი სერვისებისაც, როგორიცაა დაზღვევა.
ახალი ზომების გამოცხადებისას, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ეს ცვლილებები რუსეთს და კრემლთან დაახლოებულ ადამიანებს დამატებით ეკონომიკურ ზიანს აყენებს.
„სახელმწიფო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და მუშაობს რუსეთის საერთაშორისო არენიდან გათიშვაზე.“ - განაცხადა ლიზ ტრასმა
ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შეპსმა კი განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული თვითმფრინავები აკრძალა. ამ ნაბიჯით კი რუსული ავიაციის დიდი ბრიტანეთის საჰაერო ზონაში გამოჩენა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.
BBC-ის გადაცემა Newsnight-ის პოლიტიკური რედაქტორი ნიკ ვატი აცხადებს, რომ ახალი ზომები ვრცელდება არა მხოლოდ რუსეთის მფლობელობაშია არსებულ თვითმფრინავებზე, რომლებსაც ფრენა უკვე აკრძალული ჰქონდათ, არამედ იმ კერძო ხომალდებსაც, რომლებიც მესამე ქვეყანაში არიან რეგისტრირებული და რუსეთის მდიდარი მოქალაქეები იყენებენ.
ბრიტანეთის ქალაქ ჰემპშირში არსებულ ფარნბოროს აეროპორტში უკვე დაიწყო გამოძიება.
ვატის თქმით, ფარნბოროს კერძო აეროპორტში გამოძიება იმიტომ დაიწყო, რომ არსებობს ვარაუდი, რომ იქ არსებულ თვითმფრინავებს რუსი ოლიგარქები იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამაც დაადასტურა, რომ რუსულ ნავთობს წლის ბოლომდე ქვეყანაში მთლიანად აკრძალავს.