logo
ENG



ბრიტანეთის ყოფილი პრემიერები პუტინის ნიურნბერგის მოდელის ტრიბუნალზე წარდგომას ითხოვენ

19 მარ 202220:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/19/ccn4q82gp9t4rvi.jpg
AP

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრები გორდონ ბრაუნი და ჯონ მეიჯორი სხვა აკადემიკოსებთან, პოლიტიკოსებთან და მოქალაქეებთან ერთად რუსეთის პრეზიდენტისა და უკრაინაში შეჭრაში მონაწილე ადამიანებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნას უერთდებიან.

ჯამში 140 პოლიტიკოსი და აკადემიკოსი, რუსეთის პრეზიდენტისა და სხვა დაკავშირებული ადამიანების გასამართლებლად, ნიურნბერგის პროცესების მაგალითზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვს.

ხელმომწერთა შორის არიან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება, ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალის ყოფილი პროკურორი ბენჯამინ ფერენცი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლას ბრატცა.

ბრიტანეთიდან, რომელიც დამსახურებულად ამაყობს დემოკრატიითა და კანონის უზენაესობით, მკაფიო მესიჯი უნდა გავრცელდეს. ნიურნბერგის პროცესზე ჩვენ [მეორე მსოფლიო] ომის ნაცისტ დამნაშავეების პასუხისმგებლობა დავაკისრეთ. 8 ათწლეულის შემდეგ ჩვენ აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ პუტინისთვისაც დადგება „განკითხვის დღე“.

ბერლინის კედლის ჩამოშლის შემდეგ ჩვენ მივიჩნიეთ, რომ დემოკრატია და კანონის უზენაესობა გაიმარჯვებდა, მაგრამ პუტინი ამას ძალის გამოყენებით ანაცვლებს.

თუ ჩვენ ახლა მკაფიო სიგნალს არ გავგზავნით, სხვა ქვეყნებშიც აღმოვჩნდებით აგრესიის წინაშე, რაც ასევე დაუსჯელი შესაძლოა დარჩეს,“ - განაცხადა ბრაუნმა BBC-სთან ინტერვიუში.

პუტინისა და მისი გარემოცვის გასამართლების მოთხოვნით ასევე შექმნილია პეტიციაც, რომელსაც ხელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 789 ათასზე მეტი მოქალაქე აწერს.  

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო უკვე იძიებს პუტინის საქმეს უკრაინაში ომის დანაშაულების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) შეუძლია გენოციდის, ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის მიმართ დანაშაულების გამოძიება, მას არ შეუძლია დაიწყოს სამართლებრივი დევნა იმ სახელმწიფოს მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, რომელიც ICC-ის რომის წესდების წევრი არაა. რუსეთს კი რომის წესდება ოფიციალურად არ დაუმტკიცებია. 

ამ შემთხვევაში, გამოძიების დასაწყებად გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან სასამართლოსთვის მიმართვა იქნება საჭირო, თუმცა ვინაიდან რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, სავარაუდოა, რომ ამგვარ განაცხადის შემთხვევაში ის ვეტოს უფლებას გამოიყენებს, რის შემდეგაც ICC ვერ შეძლებს უკრაინაში რუსეთის ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებას.

ბრაუნის თქმით, ახალი ტრიბუნალის შექმნით აღმოიფხვრება ის ბუნდოვანების სივრცე საერთაშორისო სამართალში, რაც პუტინმა შესაძლოა კანონებისგან თავის არიდებისთვის გამოიყენოს.

ხელმომწერები აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრის გამო ვლადიმერ პუტინის რეჟიმის გასამართლებლად ნიურნბერგის მოდელის ტრიბუნალია საჭირო ისევე, როგორც ეს ნაცისტების შემთხვევაში მოხდა.

ნიურნბერგის საერთაშორისო ტრიბუნალი 1945 წელს გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში მეორე მსოფლიო ომში ჩადენილი დანაშაულების გამო ნაცისტების გასამართლებისთვის შეიქმნა. ტრიბუნალი მოკავშირეებმა შექმნეს და პროცესისთვის კანონები და პროცედურები ერთობრილავ შეიმუშავეს. ეს იყო ომის დანაშაულების ჩადენის გამო ბრალდებულთა (მათ შორის ოფიციალურ პირთა) გასამართლების პირველი საერთაშორისო ტრიბუნალი. 


close დახურვა