logo
ENG



ბრიტანული დაზვერვა: ყირიმში აფეთქების შემდეგ რუსეთის საზღვაო შესაძლებლობები დაქვეითდა

12 აგვ 202209:42
3 წუთის საკითხავი
 
ბრიტანული დაზვერვა: ყირიმში აფეთქების შემდეგ რუსეთის საზღვაო შესაძლებლობები დაქვეითდა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ ყირიმში საკის ავიაბაზაზე მომხდარი აფეთქების შემდეგ მნიშვნელოვნად დაქვეითდა რუსეთის საზღვაო ფლოტის შესაძლებლობები, ვინაიდან საკის აეროდრომი სწორედ რუსეთის საზღვაო ფლოტის თვითმფრინავების შავი ზღვის ბაზად გამოიყენებოდა. 

ბრიტანული დაზვერვა 12 აგვისტოს განცხადებაში წერს: 

"2022 წლის 9 აგვისტოს ყირიმში, საკის აეროდრომზე აფეთქებები მოხდა. თავდაპირველი მიზეზი გაურკვეველია, მაგრამ დიდი კვამლი, რომლებიც ნათლად ჩანს თვითმხილველთა ვიდეოში, თითქმის დადასტურებულად საბრძოლო მასალის 4 საწყობის აფეთქებამ გამოიწვია.

აფეთქების შედეგად განადგურდა ან მნიშვნელოვნად დაზიანდა, სულ მცირე, Su-24 FENCER გამანადგურებელი-ბომბდამშენი და სამი Su-30 FLANKER H მრავალფუნქციური თვითმფრინავი.

სამხედრო ბაზა საკი მნიშვნელოვნად დაზიანდა, მაგრამ აეროდრომი სავარაუდოდ ექსპლუატაციაში რჩება. 

8 საბრძოლო თვითმფრინავის დაკარგვა მცირე ნაწილია იმ საერთო ფლოტიდან, რომლის გამოყენებაც რუსეთს ომში შეუძლია. თუმცა, საკის აეროდრომი რუსეთის საზღვაო ფლოტის თვითმფრინავების შავი ზღვის ბაზად გამოიყენებოდა. 

რუსული ფლოტის საზღვაო შესაძლებლობები ახლა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია. მომხდარი, სავარაუდოდ, უბიძგებს რუსეთს, გადახედონ საფრთხის აღქმას. ამ დრომდე ისინი ყირიმს უსაფრთხო სივრცედ მიიჩნევდნენ".

ოკუპირებული ყირიმის საკის აეროდრომზე თავდასხმა, უდიდესი ალბათობით, უკრაინამ განახორციელა. თუმცა, თავად უკრაინული მხარე ამაზე არაფერს ამბობს. 

შედეგად, გარდა განადგურებული რუსული თვითმფრინავებისა და საბრძოლო მასალისა, რუსეთის ძალებს აღარ შეუძლიათ, გამოიყენონ სარკინიგზო ხაზი, რომელიც ყირიმს სამხრეთ უკრაინის რეგიონთან, ხერსონთან აკავშირებს. ხერსონი რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან არის ოკუპირებული.


close დახურვა