12-დღიანი სამოქალაქო წინააღმდეგობის პარალელურად, გვინდა გამოვეხმაუროთ საჯარო სამსახურში, კერძოდ, თბილისის მერიაში დაანონსებულ რეპრესიებს. თბილისი ჭეშმარიტად ევროპული ქალაქია, ამას ადასტურებს ის პროტესტი და უწყვეტი წინააღმდეგობა, რომელიც თბილისის ქუჩებში მთავარი ევროპული ღირებულების, თავისუფლების დასაცავად მიმდინარეობს და თბილისის მერიის თანამშრომლები არიან ის ადამიანები, რომლებიც მყისიერად გამოეხმაურნენ იმ სპეცოპერაციას, რომელიც ჩვენი კონსტიტუციური წესრიგის წინააემდეგ მიმდინარეობს.
თბილისის მერიის თანამშრომლებმა ღიად, ცალსახად და ხაზგასმით გამოხატეს თავიანთი ერთგულება კონსტიტუციის და ევროინტეგრაციის მიმართ და ამის საპასუხოდ თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებულმა და სამარცხვინო მერმა დაანონსა რეპრესიები ამ ადამიანების წინააღმდეგ.
ჩვენ ვნახეთ, როგორ შეიმუშავეს ცვლილებები საჯარო სამსახურის კანონმდებლობაში, რომელიც გაამარტივებს რეორგანიზაციის და ამ ადამიანების დევნის პროცესს და ასევე ვნახეთ როგორ აჩუმებენ ამ ადამიანებს და როგორ ცდილობენ მათ წინააღმდეგ ბრძოლას.
გვაქვს ინფორმაცია, რომ ახლა თბილისის მერიაში 250-ზე მეტ პეტიციის ხელმომწერს პირდაპირ ევაჭრება და ემუქრება თბილისის მერიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და სთხოვენ მათ საახალწლო პრემიის სანაცვლოდ უკან გაიწვიონ ის ხელმოწერა, რომელიც მათ დაუდასტურეს საქართველოს ევროპულ მომავალს.
ეს არის სამარცხვინო და დანაშაულებრივი ქმედება და ასევე, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ იგეგმება ამ პრემიების სრულად გაუქმება იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაიძაბოს ადგილზე თბილისის მერიისა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ვითარება იმისთვის, რომ ადამიანები გადაკიდონ ერთმანეთს.
მე, პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ამ ადამიანებს, ქედს ვიხრი მათი გამბედაობის და საჯარო სამსახურის მიმართ მათი ერთგულების წინაშე. ეს ადამიანები წარმოადგენენ საჯარო სამსახურის ფუნდამენტს და მინდა მათ მივმართო, რომ ისინი არ არიან მარტოები, თქვენ უკან არის ასი ათასობით ადამიანი, რომელიც თბილისის ქუჩებში გამოდის და აპროტესტებს იმ ყველაფერს, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მათ რიცხვში თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი იმედი. ჩვენ ვართ თქვენ გვერდით და თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ არა მხოლოდ საქართველოს ევროპული მომავლისათვის, არამედ ასევე იმისათვის, რომ თქვენ დაგემუქროთ საფრთხე.
მინდა მივმართო თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს, არ მიიღოთ მონაწილეობა კალაძის მიერ დაანონსებულ რეპრესიებში და დანაშაულებრივ რეორგანიზაციაში. არ გახდეთ ამ სისხლის სამართლის დანაშაულის თანამონაწილეები. კალაძემ საკუთარი თავი ჩაწერა უკვე წითელი ასოებით ამ ქალაქის ისტორიაში, როგორც ყველაზე კორუმპირებული მერი და როგორც ამ რუსული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მედროშე. ნუ შეუერთდებით მას.