პარტია ლელოს წარმომადგენელი საბა ბუაძე აცხადებს, რომ ხვალ ოპოზიციის მიერ დაგეგმილი საპროტესტო ღონისძიება არ გაიმართება.
როგორც ბუაძემ ოპოზიციურ ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთელმა ოპოზიციურმა სპექტრმა გადაწყვიტა, რომ მეორე ტურს სრული იგნორით უპასუხოს.
"ჩვენი მიზანი, თავიდანვე ამ პროცესში იყო, რომ ამ სიცრუისგან სრული დისტანცირება მოგვეხდინა საკუთარი თავის და ამომრჩევლის. დღეს ვიმსჯელეთ და ამის საუკეთესო გადაწყვეტილება არის ამ პროცესის სრულად იგნორირება და ამ ფარსისგან თავის მაქსიმალურად შორს დაჭერა. ამიტომ, ჩვენ არ გვექნება საპროტესტო ღონისძიება და ეს დუმილი და იგნორირება იქნება საუკეთესო პროტესტი იმ პროცესის მიმართ, რომელსაც ქართული ოცნება ასაღებს მეორე ტურად", - განაცხადა საბა ბუაძემ.
ხვალ, 21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნები 17 ოლქში ჩატარდება.
ოპოზიცია კი ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას.
ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ევროკავშირისა და ამერიკის ელჩების შუამავლობით მოლაპარაკების ორი რაუნდი გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა.
ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან, თუმცა თბილისის მერმა და ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა კახი კალაძემ გუშინ, 19 ნოემბერს ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდა.