logo
ENG



ბულგარეთის და პოლონეთის შემდეგ რუსეთი გაზის მიწოდების შეწყვეტით სხვა ქვეყნებსაც ემუქრება

27 აპრ 202220:20
3 წუთის საკითხავი
 
ბულგარეთის და პოლონეთის შემდეგ რუსეთი გაზის მიწოდების შეწყვეტით სხვა ქვეყნებსაც ემუქრება

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი არ ეთანხმება შეფასებებს, რომ რუსეთი გაზის მიწოდების შეწყვეტით დასავლეთის ქვეყნებს აშანტაჟებს. 

ამასთან, აცხადებს, რომ ევროპის სხვა ქვეყნებიც უარს იტყვიან "ახალი სისტემით გადახდაზე, როგორც ეს პრეზიდენტ პუტინის ბრძანებაშია გაწერილი", რუსეთი გაზის მიწოდებას მათაც შეუწყვეტს. 

განცხადება, რომ რუსეთი ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხს დასავლეთის დაშანტაჟების მიზნით იყენებს, დღეს, 27 აპრილს ევროკავშირში გაკეთდა მას შემდეგ, რაც აგრესორმა ქვეყანამ პოლონეთს და ბულგარეთს გაზმომარაგება შეუწყვიტა. აღნიშნულმა ქვეყნებმა უარი თქვეს გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე. 

რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის რუბლში ანგარიშსწორება "არამეგობრულ ქვეყნებს" მას შემდეგ მოსთხოვა, რაც უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთმა სანქციები დაუწესა და ევროსა და დოლარში ტრანზაქციები შეუზღუდა. 

"ეს ნაბიჯი ნაკარნახევი იყო იმ ფაქტით, რომ ჩვენი რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი დაბლოკეს ან, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოიპარეს. შესაბამისად, შანტაჟთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს". - განაცხადა პესკოვმა. 

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტისა, პოლონეთს და ბულგარეთს მოსახლეობის გაზმომარაგების პრობლემა არ აქვს. ორივე ქვეყანა აცხადებს, რომ აქვთ საკმარისი მარაგი, ამასთან, მოდის ზაფხული და მოთხოვნა იკლებს. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ისინი სხვა მომწოდებლებს მიმართავენ. 


close დახურვა