დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მისი პარლამენტში შესვლა დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა ივანიშვილის მორჩილი.
ბურჯანაძის თქმით, არჩევნები მასობრივად გაყალბდა - ადამიანებს აშინებდნენ და ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა.
"ჩემი პარტიის შესვლა-არშესვლა დამოკიდებულია იმაზე, გაჩუმდება ბურჯანაძე და გაუგზავნის ივანიშვილს მესიჯს, რომ იქნება მორჩილი გარეგნულად მაინც თუ არა. მთავარი ამოცანა იყო რამდენიც არ უნდა ყოფილიყო ბარიერი, ბურჯანაძე არ უნდა შესულიყო. ვინც რაც არ უნდა თქვას, ისევე როგორც 2016 წელს გამიყალბეს არჩევნები მე და მაშინ ამას ყველა შეეგუა, დღეს ზუსტად იგივე მოხდა, ოღონდ დღეს ეს ათ და მეტ პარტიას გაუკეთეს. არჩევნები იყო გაყალბებული, დაშინებითა და ადამიანების ყიდვით ჩატარებული", - აცხადებს ბურჯანაძე.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმების 96.85% - 3 726 უბანი.
მონაცემების მიხედვით:
ქართულმა ოცნებამ ხმების 48,06% მიიღო
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 27,07%
ევროპული საქართველო - 3,79%;
პატრიოტთა ალიანსი - 3,18%
ლელო - 3,18%
სტრატეგია აღმაშენებელი - 3,15%
გირჩი - 2,92%
ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,34%
ლეიბორისტული პარტია - 1%
ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს და დღეს, 1-ელ ნოემბერს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს აანონსებს. ერთ-ერთი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარება იქნება.