როდესაც ახლა გაახსენდათ ოქრუაშვილი ამ თემასთან დაკავშირებით, ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ არის პოლიტიკური საკითხი, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქმეში არსებობს იურიდიული ნიუანსებიც, რომელიც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს.
"ასეთი შთაბეჭდილება მრჩება და მიჩნდება მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც პირადულია ოქრუაშვილთან დაკავშირებით. როდესაც ახლა გაახსენდათ ოქრუაშვილი ამ თემასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ ეს არის პოლიტიკური საკითხი, მით უმეტეს, არის იურიდიული ნიუანსებიც, რომელიც ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. 8 მარტის შეთანხმებაში ერთმნიშვნელოვნად იყო ნათქვამი, რომ როგორც მინიმუმ, ნებისმიერი პოლიტიკური დევნა უნდა ყოფილიყო შეჩერებული არჩევნებამდე", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ზურაბ ადეიშვილს რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. მათ ბრალი ხანდაზმულობის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, 2019 წლის ნოემბერში წაუყენეს. ოპოზიციურ პარტიებში მიაჩნიათ, რომ ოქრუაშვილთან მიმართებაში ბიძინა ივანიშვილს პირადი პრობლემა აქვს და სწორედ ამის გამო, ქვეყნის ოლიგარქი 8 მარტის შეთანხმებას არღვევს. ისინი აღნიშნავენ, რომ დოკუმენტი პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ამ ტიპის საქმეების შეჩერებასაც ითვალისწინებდა.