logo
ENG



ბუღალტერმა გორის კულტურის სააგენტოს გარდა, ფული ტრანსპორტის სააგენტოდანაც გაფლანგა

11 ნოე 202212:52
3 წუთის საკითხავი
 

გორში, ტურიზმისა და კულტურის სააგენტოს მიერ თანხების მითვისებასთან ერთად, ფული ტრანსპორტის სააგენტოდანაც გაფლანგეს.

ფორმულას ინფორმაციით, ბუღალტერმა ლეილა წკრიალაშვილმა, რომელმაც მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოდან ნახევარ მილიონამდე თანხა აზარტულ თანხებში გაფლანგა, ათი ათასობით ლარი ტრანსპორტის სააგენტოდანაც მიითვისა.

ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა არ ფლობს ინფორმაციას, თუ რა თანხაა დაკარგული.

გარდა ამისა, ჯირკველიშვილი ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს ბუღალტრის მხრიდან მისი სააგენტოდან თანხების გაფლანგვას აზარტულ თამაშებში.

"ამოღებულია საბუთები, წაღებულია დოკუმენტები და ჩემთვის არაფერი არ არის ცნობილი..სპეცსამსახურებმა წაიღეს საბუთები, მომხდარი ფაქტის გამო, იმის გამო რომ ჩვენთან დროებით ბუღალტრად მუშაობდა, ერთი პერიოდი გაგვიჭირდა ბუღალტერი და მუშაობდა ქალბატონი ლეილა, 3-4 თვეა", - ამბობს ჯირკველიშვილი.

კორუფციის სქემიდან გამომდინარე, ოპოზიცია საკრებულოში ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს. საკრებულოს თავმჯდომარე კი ამბობს, რომ "კორუფციული სქემები ყველგან არსებობს".

"პირველად მესმის...არ ვიცი, კულტურის სააგენტოს თემები ვიცოდი, ეს პირველად მესმას. კორუფციული ყველგან შეიძლება, ყველგან არსებობს, ამაზე, მე ვიცი. უბრალოდ, როცა ამაში ერთვება შესაბამისი სამსახურები, ყოველთვის შედეგი დგება და ახლა გამოგონებული ველოსიპედის გამოგონება არ მიმაჩნია სწორი", - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.


close დახურვა