ადმინისტრაციული საქმეების პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმეც განიხილებოდა. აქციების აქტიურ მონაწილეს პოლიცია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება და პატიმრობას ითხოვს. რურუას ადვოკატი გიორგი ჟამუტაშვილი დარწმუნებულია, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი ჩაუდეს.
„არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, საქმე ეყრდნობა მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს. იმ პოლიციელების, რომელთაც ცეცხლსასროლი იარაღის ჩადება მოახდინეს. არ არსებობს პირი, რომელიც დაესწრო ჩხრეკას," - აცხადებს ადვოკატი.
რურუას მეორე ადვოკატის ნიკა გვარამიას თქმით კი, პროკურატურა იარაღის ჩადებაზე გაჩერებას არ აპირებს.
„იმდენად ზედაპირულად ჩადებულია იარაღი, რომ არ მესმის რაზე ვლაპარაკობთ. ყველა დოკუმენტში რომელშიც წარმოდგენილია ნათქვამია, რომ ამას შეიძლება გაგრძელება ჰქონოდა. როგორც ჩანს არ აპირებენ იარაღზე გაჩერებას. გასაგებია საითკენაც მიყავთ,"- აცხადებს გვარამია.
რურუას პროცესს ესწრებოდნენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
„რესპუბლიკური" პარტიის წევრ თამუნა კორძაია აცხადებს, რომ ერთადერთი რაღაც არის მხოლოდ სანახავი თუ რა სიმაღლეზე ავა სასამართლო უკანონო გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
„დღეს რაც დაგვრჩა სანახავი, ეს არის რა სიმაღლეზე ავა სასამართლო უკანონო გადაწყვეტილების მიღების პროცესში," - განაცხადა კორძაიამ.
მწერალი ლაშა ბუღაძე კი მიიჩნევს, რომ რურუა პოლიტიკური პატიმარია.
„სრულიად აბსურდია. საქმე გვაქვს აშკარად პოლიტიკურ დავალებასთან. რურუა არის პოლიტპატიმარი. მისი ხუთთვიანი სამოქალაქო აქტიურობა და „მთავარი არხის“ დახმარება მძიმე გამოდგა ხელისუფლებისთვის და ეს არის მისი საჩვენებელი დასჯა,"- განაცხადა ბუღაძემ.
შეგახსენებთ, რომ რურუას პოლიცია იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.