logo
ENG



გაბუნია: გუშინ ფაიზერზე 147 000-მდე პირი დარეგისტრირდა, 4 750-ს ჯავშანი არ დაუდასტურდა

25 ივლ 202114:06
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია: გუშინ ფაიზერზე 147 000-მდე პირი დარეგისტრირდა, 4 750-ს ჯავშანი არ დაუდასტურდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, 24 ივლისს ფაიზერის ვაქცინაზე ქვეყნის მასშტაბით 147 000-მდე პირი დარეგისტრირდა, თუმცა მათგან 4 750-ს ჯავშანი არ დაუდასტურდა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მოქალაქეების ნაწილი, რომლებსაც ჯავშანი არ დაუდასტურდათ, ე.წ. ბუსტერ დოზაზე ცდილობდა დარეგისტრირებას, რასაც პროგრამა არ ითვალისწინებს, ნაწილი კი უკვე აცრილი იყო და რეგისტრაციას პორტალის მუშაობის შესამოწმებლად გადიოდა. 

"ამ გაუქმებულ ჯავშანს უკავშირდება ისეთი მიზეზები, როგორიცაა ბუსტერ დოზაზე დარეგისტრირების მცდელობა, ან უკვე ორჯერ აცრილ პირს, იმის გამო, რომ შეემოწმებინა საიტი როგორ მუშაობდა, შეჰყავდა თავისი მონაცემები და დაიკავა ადგილი. ამას სჭირდება ადმინისტრაციული რესურსიც და დროც იკარგება, ამდენად თხოვნა მექნება, მსგავსი ქმედების განხორციელება არ არის რეკომენდირებული, რადგან ბუსტერ დოზებს ჩვენი პროგრამა არ ითვალისწინებს", - თქვა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ 5 000-მდე გათავისუფლებული ადგილი პორტალს ისევ დაემატება. მისივე თქმით, შევსება უპირატესად თბილისში იგეგმება, რადგან დედაქალაქში ყველაზე დიდი მოთხოვნაა. 

"უახლოეს დღეებში ადგილები დაემატება, კლინიკები არიან მზად, რომ 8-საათიანი სამუშაო რეჟიმიდან გადავიდნენ 12-საათიან რეჟიმზე. ასევე, ემატება ახალი კლინიკები, არის სრული მობილიზაცია იმისთვის, რომ ის დოზები, რაც დღეს გვაქვს, მაქსიმალურად მოკლე დროში იყოს ათვისებული. მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, უახლოეს პერიოდში შეუძლიათ კიდევ დარეგისტრირდნენ. ასევე, სატელეფონო ჩაწერაც გრძელდება 1522-ის საშუალებით", - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

აშშ-ის ნაჩუქარი ფაიზერის 500 000 დოზა ვაქცინა საქართველოში 23 ივლისს ჩამოვიდა. ვაქცინაზე რეგისტრაცია გუშინ, 24 ივლისს, 12 საათზე დაიწყო. მოქალაქეები პირველ დოზაზე რეგისტრირდებიან.

ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი ასტრაზენეკას, ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინებით მიმდინარეობს. ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა ხელმისაწვდომია 45 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობისათვის, სინოფარმითა და სინოვაკი 18 წლიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, ფაიზერით აცრა კი 16 წლიდანაა შესაძლებელი.


close დახურვა