logo
ENG



გაბუნია: ვირუსი სულ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე 4 500-დან 5 000-მდე პირს დაუდასტურდა

27 ნოე 202015:23
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია: ვირუსი სულ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე 4 500-დან 5 000-მდე პირს დაუდასტურდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის შემდეგ სამედიცინო პერსონალის 4 500-დან 5 000-მდე წარმომადგენელი დაინფიცირდა. 

რაც შეეხება უშუალოდ ინფიცირებულ ექიმებს, გაბუნიას თქმით, ამასთან დაკავშირებით დამატებითი კვლევები მიმდინარეობს. მისივე თქმით, მედპერსონალის ყველაზე ხშირი დაინფიცირება საყოფაცხოვრებო პირობებში მოხდა. 

"შემიძლია, გითხრათ, რამდენია სამედიცინო პერსონალი. სამედიცინო პერსონალი არის - 4500-დან 5 000-მდე შუალედში. აქ ვგულისხმობ ყველას, ვინც სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს. იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია მათი ინფიცირება, ეს ინფიცირება მოხდა სამედიცინო გარემოში თუ საყოფაცხოვრებო პირობებშიც. სამწუხაროდ, უფრო ხშირად სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მოხდა საყოფაცხოვრებო პირობებში. ამ ყველაფერზე ჩაღრმავებული კვლევა იგეგმება, თუ ეს კვლევა გვექნება, რა თქმა უნდა, ინფორმაციას გაგიზიარებთ. 100 ათასი შემთხვევა, რაც დადასტურდა ეპიდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს შორის ინფიცირების რაოდენობა ეს არის", – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 4780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 3 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა კორონავირუსისგან, სულ - 102 270 პირი. ასევე, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 ადამიანი, სულ - 1161 პირი. პირველად ვირუსი საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. 


close დახურვა