logo
ENG



გაბუნია: სრულად ვაქცინირებული პირებისთვის გარკვეული სტიმულების დაწესება განიხილება

05 მაი 202113:55
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის გარკვეული სტიმულების დაწესება განიხილება.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სტიმული შესაძლოა იყოს რეგულაციებისგან გათავისუფლება ან გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ საკითხზე კონკრეტული პაკეტი მზადდება. 

"გარკვეული სტიმულების დაწესება სრულად ვაქცინირებული პირებისთვის განიხილება. ეს შეიძლება იყოს შეზღუდვებისგან გათავისუფლება, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა.  კონკრეტული პაკეტი მზადდება და ამაზე ნაადრევია საუბარი",- ამბობს გაბუნია. 

მისივე თქმით, საუბარი მიდის ბიზნეს სექტორის წახალისებაზეც.

"საუბარია ბიზნესის წახალისებაზე იმისთვის, რომ მათ შექმნან ეპიდემიურად უსაფრთხო გარემო. აქ მთავარი აქცენტი გადავა იმაზე, რომ მომხმარებელმა იცოდეს, რომ კონკრეტული სასტუმრო ან რესტორანი არის ვაქცინირებული პირებით დაკომპლექტებული და იქ ეპიდემიურად უსაფრთხო გარემოა და მიენიჭოს ეპიდემიურად უსაფრთხო სერტიფიკატი ან რაღაც თვალსაჩინო ნიშანი", - განაცხადა გაბუნიამ და განმარტა, რომ ვაქცინირებული მოქალაქეების წახალისების მექანიზმი აქტიური მაშინ გახდება, როდესაც იმუნიზაციის პროცესი გაფართოვდება. 

"ჯერ ცოტა ადრეა, რადგან ჩვენ მეტად ფართო მოცვა გვჭირდება მოსახლეობის, რათა ყველას ჰქონდეს არჩევანი და მარტივად ჩაიტაროს ვაქცინაცია, ალბათ ეს უფრო ივლისის თვისკენ, როდესაც ჩვენ გადავალთ მოსახლეობის ფართო მოცვაზე",- განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. 

საქართველომ ფაიზერის ვაქცინის პირველი პარტია 25 მარტს მიიღო. რაც შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინას, ქვეყანაში ის 13 მარტს შემოვიდა. 

3 აპრილს საქართველომ ასევე ჩინური წარმოების ვაქცინის, სინოფარმის 100 000 დოზა მიიღო.


close დახურვა