logo
ENG



გაბუნია ბანერებზე: ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა

20 სექ 202113:16
3 წუთის საკითხავი
 

„ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია როგორ შეიძლება იყოს პოზიტიური" - ასე პასუხობს თამარ გაბუნია ჟურნალისტების შეკითხვას ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერებზე სისხლიანი ბანერების გადაკვრის შესახებ.

გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში საჭიროა ვაქცინაციის კამპანიის გაძლიერება იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ ძველ ტემპს და გავაუმჯობესოთ ის. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაქცინაციის თემა არ უნდა გადაიფაროს არცერთი სხვა თემით.

„ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით, გნებავთ იყოს ეს სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ის, რომ ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამას ემხრობა. ის, რომ ბოლო დღეებში დიდი აქცენტი გაკეთდა პოლიტიკური ბანერებით ვაქცინაციის ბანერების გადაფარვაზე, გასაგებია ეს ყველაფერი და კიდევ უკეთესი იქნება, რომ მეტი აქცენტი მედიაში გაკეთდეს ვაქცინაციის თემებზე. სხვანაირად ჩვენ ვერაფრით დავუბრუნდებით და ავიღებთ იმ ტემპს, რაც გვინდა გვქონდეს", - ამბობს გაბუნია.

ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად როგორია ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია ვაქცინაციის ბანერების გადაფარვასთან დაკავშირებით, გაბუნია შემდეგნაირად პასუხობს:

„ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია როგორ შეიძლება იყოს პოზიტიური იმგვარ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ აზარალებს ვაქცინაციის პროცესს. რა მოხდა, რატომ მოხდა და რამდენად ხელშეკრულების პირობები დაირღვა თუ არ დაირღვა, ამაზე ორი მხარე იმსჯელებს და შეთანხმდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს აქვს უკვე ეს საკითხი წამოწეული და დაწყებული", - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

სიძულვილის ენის შემცველი ბანერები როგორც თბილისში, ისე ბათუმის, ზუგდიდის,  ქუთაისის, გორისა და თელავის ქუჩებში რამდენიმე დღეა, გამოჩნდა.  

"არა ნაცებს", არა ბოროტებას, არა ღალატს", - ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე. 

წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა. 

ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. 

როგორც ცნობილი გახდა, დედაქალაქში ბანერები ვაქცინაციისაკენ მოწოდების ბანერებს გადააკრეს - აღნიშნულზე განცხადება გამოაქვეყნა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა. NCDC-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მომხდარს გმობენ. 

ქართული ოცნების თავმჯდომარის განცხადებით კი,  ის, რომ ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი სისხლიანი ბანერები ვაქცინაციის კამპანიის ბანერებს გადააკრეს, "სუფთა ტექნიკური მხარეა". 


close დახურვა