logo
ENG



გაბუნია და გვარამია გამოკითხეს - მთავარი კითხვები კვლავ პასუხგაუცემელია

19 ივნ 202020:18
3 წუთის საკითხავი
 

სუს-ის გამომძიებლებმა სასამართლო ისე დატოვეს, რომ დუმილი არ დაურღვევიათ. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დაგვიდასტურეს მხოლოდ ის, რომ გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას გარდა, საქმეში არაერთი სხვა პირის ჩვენებაც დევს. თუმცა ვინ არიან ისინი და არის თუ არა მათ შორის დაკავებული ვასამბეგ ბოკოვის ჩვენება - საიდუმლოდ დატოვეს. 

სპეცოპერაციიდან ერთ კვირაში, გიორგი გაბუნიამ და ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გამომძიებლების შეკითხვებს მოსამართლის თანდასწრებით უპასუხეს. რა იცის  მკვლელობის სავარაუდო დამკვეთებზე და შემსრულებლებზე - ეს  მთავარი კითხვები იყო.  ტელეწამყვანი ამბობს, რომ სავარაუდო დანაშაულის შემსრულებლების შესახებ მოსაყოლი ბევრი არაფერი ჰქონდა, რადგან ამ საქმის შესახებ მანაც მედიით შეიტყო. მანამდე კი იცოდა მხოლოდ ის, რომ გაურკვეველი პირები ბოლო 2 თვის განმავლობაში აქტიურად უთვალთავალებდნენ. დამკვეთებში კი, ეჭვი არ ეპარება.  

გიორგი გაბუნია სასამართლოში პირადი დაცვით მივიდა. დღეს  სახელმწიფო დაცვაც შესთავაზეს,  თუმცა ჟურნალისტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

ინფორმატორების დასახელებას ითხოვდნენ დღეს ნიკა გვარამიასგან გამომძიებლები. ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა, ჯერ გამოკითხვაზე, შემდეგ კი მედიასთან განაცხადა, რომ საფრთხის შესახებ დაახლოებით 2 თვის წინ, არაოფიციალურად გააფრთხილეს სუს-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა და მმართველი პარტიის წევრმა. გამომძიებლებისთვისაც და მედიისთვისაც სახელებს კონფიდენციალურად ტოვებს.  გვარამიას განცხადებით, სწორედ ამ შეტყობინების შემდეგ გაუძლიერა გაბუნიას დაცვა. 

ტელევიზიის გენერალური დირექტორიც და ტელეწამყვანიც დარწმუნებულები არიან, რომ დაკავებული ვასამბეგ ბოკოვი საქმის ერთადერთი ფიგურანტი არ არის. ის თბილისში მხოლოდ გაბუნიას მარშრუტის შესასწავლად ჩამოვიდა. დუმილი დღეს არც საქმის ზედამხედველმა პროკურორმა დაარღვია. ამ დრომდე უცნობი რჩება, აღიარებს თუ არა ბრალს ვასამბეგ ბოკოვი.

ტელეკომპანია მთავარის ხელმძღვანელი დღეს უკრაინული გამოცემის, „ობოზრევაწელის“ მიერ ამ საქმის შესახებ გამოქვეყნებულ ფარულ  აუდიო მასალებს გამოეხმაურა. სატალეფონო ჩანაწერის სავარაუდო ფიგურანტები,  მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არიან. გამოცემა, ამ მასალის მიხედვით, რომლის ავთენტურობაზე არაფერს ამბობს, წერს, რომ გიორგი გაბუნიას საქმის შესახებ მათ, სავარაუდოდ, მის გასაჯაროვებამდე იცოდნენ.  

დღევანდელი გამოკითხვების შემდეგ, გაუთქმელობის პირობის ჩამორთმევა გამომძიებლებს მოწმეებისთვის არ დასჭირვებიათ, რადგან საქმის დეტალები მათთვის დღეს არც არაფერი გაუმხელიათ. უახლოეს მომავალში, გამოკითხვაზე სავარაუდოდ, ტელეწამყვანის პირადი დაცვის წევრებსაც დაიბარებენ.


 


close დახურვა