ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან ექიმთა კონსილიუმის შეშვების და გარედან მოწვეული ექსპერტების "საჭიროება ნამდვილად აღარ დგას".
მისი მტკიცებით, ციხის კლინიკას აქვს ხელშეკრულება სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებთან, საიდანაც, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი სპეციალისტის მოწვევაა შესაძლებელი.
"კონსილიუმის წევრებს, რომელიც შეიქმნა რუსთავის დაწესებულებაში, იუსტიციის სამინისტრო მართავდა თითქმის მთელი ერთი თვის განმავლობაში. მას შემდეგ უკვე რაც მოხდა პაციენტის გადმოყვანა სამედიცინო დაწესებულებაში, კონსილიუმის, გარედან მოწვეული ექსპერტების საჭიროება ნამდვილად აღარ დგას. ამ შემთხვევაში, უკვე თავად გლდანის დაწესებულებას აქვს შესაძლებლობა და რეალურად, დღეს აქვს ხელშეკრულებები მთელ რიგ სამოქალაქო კლინიკებთან, საიდანაც მას შეუძლია მოიწვიოს ნებისმიერი სპეციალობის სპეციალისტი, რომელიც დასჭირდება", - ამბობს გაბუნია.
მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ ციხის საავადმყოფო მრავალპროფილურია და ყველა საკმარისი პირობა აქვთ იმისთვის, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართონ.
"გლდანის საავადმყოფო არის C ტიპის მრავალპროფილური კლინიკა. ეს არის აღწერილი რეგულირების სააგენტოს დასკვნაში, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ არის საკმარისი პირობა ყველა სტანდარტული გაიდლაინის მიხედვით, შიმშილობის და შიმშილობიდან გამოსვლის შემთხვევაშ მდგომარეობის მართვისთვის", - ამბობს გაბუნია.
კონსილიუმს მესამე დღეა, ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის და მდგომარეობის შემოწმების საშუალება არ აქვს.
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ კონსილიუმი შეიქმნა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამეთვალყურეოდ მაშინ, როცა ის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში იყო მოთავსებული, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში კი ამის საჭიროება არ არის.