logo
ENG



გაგლოევი: საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანება ცხინვალისთვის ყველაზე პერსპექტიული ვარიანტია

19 აგვ 202413:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/19/mdhbik13v0hyw9f.jpg

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის თქმით, სამხრეთ ოსეთისთვის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანება "ერთ-ერთი შესაძლო და ყველაზე პერსპექტიული ვარიანტია. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან თქვა. 

"ჩვენ ახლა ვმუშაობთ ბელარუსთან თანამშრომლობის დასამყარებლად. ჯერჯერობით საუბარია კონტაქტებზე ჰუმანიტარულ სფეროში, სპორტში და ა.შ. სამომავლოდ ჩვენ ბელარუსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ველით", - ამბობს გაგლოევი. 

ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან შეერთების შესახებ დასმულ კითხვაზე კი გაგლოევი ამბობს, რომ "ამ დროისთვის ეს თემა დღის წესრიგში არ დგას". 

"რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ინტეგრაციის დონე კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის გატარებასა და ორივე მხარისთვის საინტერესო საკითხების ერთობლივ განხილვას გულისხმობს... რუსეთი და სამხრეთ ოსეთი აგრძელებენ შემდგომი დაახლოების პოლიტიკას ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ 2015 წლის ხელშეკრულების ფარგლებში". თუ დადგება ისეთი პირობები, რომელიც რესპუბლიკის რუსეთთან შეერთების საკითხის აქტუალიზაციას გამოიწვევს, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან კონსულტაციებს გავმართავთ... რუსეთში ყოფნა ოსი ხალხის საუკუნო ოცნებაა", - ამბობს გაგლოევი. 

გარდა ამისა, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერი თბილისთან კონტაქტების შესახებ კითხვის პასუხად ამბობს, რომ საქართველო უკვე 15 წელია, უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე. 

"გარდა ამისა, საქართველოში კვლავ მოქმედებს ე.წ. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ბლოკადა, ფაქტობრივად, ქართული მხრიდან ხორციელდება. ასევე, საქართველო დასავლეთის ქვეყნების დახმარებით აგრძელებს ძალისხმევას ჩვენი რესპუბლიკების საერთაშორისო იზოლაციისთვის. ქართული მხარის მიდგომები არ უწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში უფრო პოზიტიური ატმოსფეროს შექმნას. სამაგიეროს, ჩვენ ვიღებთ სპეკულაციურ მოწოდებებს 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. სამხრეთ ოსეთმა დიდი ხანია და შეუქცევადად გადაწყვიტა მეგობრებისა და მოკავშირეების არჩევა. ჩვენი გზა რუსეთთან ინტეგრაციაა", - თქვა გაგლოევმა. 


close დახურვა