logo
ENG



გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობა - ბექა დავითულიანი

18 დეკ 201912:27
3 წუთის საკითხავი
 
0mr8vxtij2q0ng4.jpg

„ქართული ოცნების“ წევრს, ერეკლე კუხიანიძეს თბილისის საკრებულოს უმრავლესობა დაატოვებინეს. ამის შესახებ განცხადება საკრებულოს უმრავლესობის ლიდერმა, ბექა დავითულიანმა გააკეთა. დავითულიანის თქმით, ისინი მიმართავენ გარემოს დაცვის კომიტეტსაც.

„ჩვენ შევიკრიბეთ დადგენილ ვადებში და გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები და დავაყენოთ შუამდგომლობა მისი გადაყენების შესახებ. დატოვებს თუ არა საკრებულოს, უცნობია, რადგან ამისთვის სამართლებრივი საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ მისი განცხადება“, - განაცხადა დავითულიანმა.

საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება არაფერს ნიშნავს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მთავარია კუხიანიძის გაძევება საკრებულოდან და არა მისთვის თანამდებობების ჩამორთმევა. მისივე თქმით, საზოაგდოების მოთხოვნა სწორედ ეს იყო.

„საზოგადოებას მინდა გავაგებინო, რომ ეს არის ცინიკური გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატმა ლეგიტიმაცია მისცა გაფრინდაშვილის ტყვეობას. დისკუსიის დამთავრების ერთადერთი გზა იყო მისი გაძევება საკრებულოდან და არა რომელიმე თანამდებობიდან გადაყენება. საკითხში, რასაც ჰქვია გაფრიდაშვილის ტყვეობა, ვართ ერთიანი და ეს უნდა ვანახოთ საერთაშორისო საზოგადოებას, მაგრამ „ქართული ოცნება“ ასე არ იქცევა და გვეუბნება, რომ რაღაცა უწი-პუწი თანამდებობიდან ხსნიან კუხიანიძეს. არავის აინტერესებს მისი თანამდებობები. თუ სახელმწიფოებრივად აზროვნებთ, დაატოვებინეთ ამ კაცს საკრებულო“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოითხოვდნენ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დაეტოვებინა საკრებულო. მათი პროტესტის საფუძველი ერეკლე კუხიანიძის ხმაურიანი განცხადებები იყო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მისამართით.


close დახურვა