logo
ENG



გადატრიალება ნიგერში - სამხედროებმა პრეზიდენტი მუჰამედ ბაზუმი გადააყენეს

27 ივლ 202313:02
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/27/i1ud5rsqtyb9nrf.png

დასავლეთ აფრიკის ქვეყნის, ნიგერის სამხედროებმა პრეზიდენტი მუჰამედ ბაზუმი გადააყენეს და სამხედრო გადატრიალება მოახდინეს.

Reuters-ის ინფორმაციით, მანამდე პრეზიდენტის გვარდიამ მუჰამედ ბაზუმი თავისივე რეზიდენციაში რამდენიმე საათით გამოკეტა.

პოლკოვნიკმა ამადუ აბდრამანმა განაცხადა, რომ ნიგერის საზღვრები ჩაიკეტა და მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი ამოქმედდა. გარდა ამისა, რესპუბლიკის ყველა დაწესებულებამ მუშაობა შეწყვიტა. სამხედროებმა ვიდეომიმართვაში სხვა ქვეყნებს მოუწოდეს, არ ჩაერიონ და პირობა დადეს, რომ პრეზიდენტ ბაზუმს არაფერს დაუშავებენ.

"წერტილი დაესვა რეჟიმს, რომელმაც გააუარესა სიტუაცია უსაფრთხოების კუთხით და ასევე, წერტილი დაესვა ცუდ მმართველობას", - თქვა პოლკოვნიკმა.

მუჰამედ ბაზუმი დემოკრატიული და სოციალისტური პარტიის ლიდერია. ბოლო 30 წლის განმავლობაში ის სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 2021 წლის თებერვალში ბაზუმი ნიგერის პრეზიდენტად აირჩიეს. მისი არჩევა ქვეყანაში ძალაუფლების დემოკრატიულად გადაცემის პირველი შემთხვევაა. ბოლო რამდენიმე წელიწადში ნიგერში 5-ზე მეტი სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. ნიგერმა დამოუკიდებლობა საფრანგეთისგან 1960 წელს მოიპოვა.

ბაზუმის გადაყენებით დასავლეთმა დემოკრატი მოკავშირე დაკარგა. სწორედ ბაზუმი იყო ის აფრიკელი ლიდერი, რომელიც პეტერბურგში გამართულ რუსეთი-აფრიკას სამიტს არ დაესწრო.


close დახურვა