თბილისის მერიამ 300 ერთეული FORD-ის მარკის მიკროავტობუსი შეისყიდა, რომელიც კომპანია თბილისის მიკროავტობუსს იჯარით გადაეცემა. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, ვიქტორ წილოსანი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ მხოლოდ ახალ მიკროავტობუსებში გაუქმდება ნაღდი ანგარიშსწორება და გადახდა მხოლოდ სატრანსპირტო ბარათით იქნება შესაძლებელი. ასევე, აიკრძალება ფეხზე დგომა, რაც მისივე თქმით, მკაცრად გაკონტროლდება. მიკროავტობუსი, დასაჯდომი ადგილების მიხედვით, გათვლილია 17 მგზავრზე.
"შეიცვლება ბიზნესმოდელი, მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული, რაც ახდენს "მგზავრზე ნადირობის" პრევენციას და უზრუნველყოფს მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. აღნიშნული რეფორმით განახევრდება ქალაქში მიკროავტობუსების რაოდენობა და თბილისის ადმინისტრაციული საზღვრები სრულად დაიფარება საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მოლოდინის დრო დღევანდელი საშუალო 28 წუთისა შემცირდება 7 წუთამდე, ხოლო მაქსიმალური მოლოდინის დრო 15 წუთს შეადგენს", - აცხადებს ტრანსპორტის სამსახურის უფროსი.