logo
ENG



გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის

12 ოქტ 201920:07
3 წუთის საკითხავი
 
b05qgk55arwslnn.png

ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ მთავარი მიზანი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა. ერთიანი სიის ირგვლივ კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს.

2020 წლის არჩევნები მამუკა ხაზარაძისთვის პირველი პოლიტიკური შანსი იქნება. მისი მთავარი მიზანი „ქართული ოცნების" დამარცხებაა. ამ იდეის გარშემო თანამოაზრეებს ჯერ თბილისში, მოგვიანებით კი რეგიონებში იპოვის. პარტიას ოფიციალურად ორ თვეში დააფუძნებს და მხარდამჭერებს პროგრამასაც მალე წარუდგენს. 

„დღეს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრა შეუძლია მხოლოდ გაერთიანებას. გაერთიანება საჭიროა დიდი იდეის გარშემო, გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ კრიზისიდან და აღმოიფხვრას ნიჰილიზმი“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.   

მამუკა ხაზარაძე ერთადერთი არ არის, რომელიც მთავარ მეტოქედ ბიძინა ივანიშვილს ასახელებს. გაერთიანდებიან თუ არა ამ იდეის გარშემო ოპოზიციური პარტიები - ოფიციალურად ჯერ არ უთქვამთ, თუმცა არსებული ინფორმაციით, კონსულტაციები უკვე დაწყებულია. თუ პარლამენტი წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებას დაამტკიცებს, პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნა აეკრძალებათ. ამ შემთხვევაში შესაძლოა პოლიტიკური პარტიების ნაწილი ერთი საარჩევნო სიის გარშემო გაერთიანდნენ.  

„ევროპული საქართველო" მზად არის ითანამშრომლოს ყველასთან გარდა პრორუსული ძალებისა. პარტიას 2020 წლის არჩევნებზე ორი ამოცანა ექნება - მთავარი ამ შემთხვევაშიც მმართველი პარტიის დამარცხებაა. პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მთავარია დამარცხდეს ივანიშვილის რეჟიმი და მისი სატელიტი პრორუსული ძალები.

„ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც არ არის შეკრული პუტინთან, ვინც არ არის შეკრული ივანიშვილთან და არ ქადაგებს სიძულვილს“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

მალე ქართულ პოლიტიკურ სპექტრს კიდევ ერთი ახალი პარტია შეემატება. ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ ბრძოლაში გაზაფხულიდან ჩაერთვება. დარწმუნებულია, რომ ამ არჩევნებზე ოპოზიცია გაიმარჯვებს. „ქართული ოცნების" მარცხს ელის „ლეიბორისტული პარტიაც".

რა სტრატეგიით მივა ოპოზიცია 2020 წლამდე, ერთად თუ ცალ-ცალკე ჯერ უცნობია. ცნობილია, რომ „ქართული ოცნება" ე.წ. სატელიტი პარტიების გაძლიერებას გეგმავს, რაც მისი დასაყრდენი გახდება.


close დახურვა