logo
ENG



გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს მთავრობას სკოლების გახსნისკენ მოუწოდებს

04 ივლ 202012:25
3 წუთის საკითხავი
 

გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დროულად აღადგინონ სასწავლო პროცესი სკოლებში. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ დროულად უნდა შემუშავდეს საჭირო რეკომენდაციები, რადგან ბავშვების სასკოლო პროცესიდან მოწყვეტა უარყოფითად აისახება როგორც ფსიქიკურ, ისე ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

სკოლები მზად არიან დაიცვან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და სწავლის პროცესი განაახლონ, თუმცა განათლების სამინისტროს ამ დრომდე არ აქვს შემუშავებული გეგმა, როგორი იქნება ახალი სასწავლო წელი.

განათლების სფეროს ექსპერტები თანხმდებიან, რომ რაც უფრო დიდხანს რჩებიან ბავშვები სკოლისა და სასკოლო ცხოვრებისგან შორს, მით უფრო მძიმედ აისახება ეს მათ ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ამასთან, რადგან ონლაინ სწავლება ყველა მოსწავლისთვის, განსაკუთრებით მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრებთათვის, თანაბრად ხელმისაწვდომი არაა, ასობით ბავშვი სასწავლო პროცესის მიღმა რჩება. სასწავლო პროცესის დროულად განახლებას ემხრობიან სკოლების წარმომადგენლებიც.

სკოლებში ამბობენ, რომ მზად არიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული რეკომენდაციები ზედმიწევნით შეასრულონ პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისთვის. ამ ეტაპზე არა მარტო ისაა უცნობი, რა მოდელით ან რა ფორმატით დაიწყება სწავლა, განათლების სამინისტროს არც სასწავლო წლის დაწყების თარიღი გამოუცხადებია.


close დახურვა