გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერესი ლვივში ჩავიდა.
ხვალ, ხუთშაბათს ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და თურქეთის პრემიერმინისტრს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
განხილვის თემა, სავარაუდოდ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ არსებული ვითარება იქნება, ასევე, დონეცკის მახლობლად, სოფელ იელენოვკაში უკრაინული სამხედრო ტყვეების საპატიმროს დაბომბვა.
29 ივლისს, ოკუპირებულ დონეცკში, ოლენივკას ციხეზე თავდასხმას, სულ მცირე, 53 პატიმრის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაც შეეხება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს - გაერო აცხადებს, რომ მასზე კონტროლი სრულიად დაკარგულია, რუსები სადგურზე მუდმივი თავდასხმით კატასტროფის საფრთხეს ქმნიან.
ლვივის შემდეგ ანტონიო გუტიერესი ოდესაში ჩავა და ერთ-ერთ პორტს მოინახულებს.
22 ივლისს სტამბოლში რუსეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას შავი ზღვის პორტების განბლოკვის შესახებ. შეთანხმების მიხედვით, რუსეთი ხელს არ შეუშლიდა უკრაინიდან მარცვლეულით დატვირთული გემების პორტიდან გასვლას. შეთანხმება რუსეთმა რამდენჯერმე დაარღვია და ოდესის პორტს თავს დაესხა, თუმცა, საბოლოოდ, უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა გემებმა პორტები დატოვეს. გატანილია დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეული.
განბლოკვამდე უკრაინული ხორბლის ექსპორტი რუსეთს დაბლოკილი ჰქონდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. რუსეთი ამაში "დამნაშავედ" დასავლეთის ქვეყნებს და მათ მიერ დაწესებულ სანქციებს ასახელებდა.