უკრაინის შესახებ რუსული რეზოლუციის პროექტი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ჩავარდა. პროექტს მხოლოდ რუსეთმა და ჩინეთმა მისცეს ხმა.
უშიშროების საბჭოს დანარჩენმა 13 წევრმა სახელმწიფომ უბრალოდ თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. მუდმივმა წევრებმა - აშშ-მ, დიდი ბრიტანეთმა და საფრანგეთმა - რეზოლუციას ვეტო არ დაადეს.
რუსეთიც მიერ მომზადებულ რეზოლუციაში საუბარია ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო მოქმედებების არეალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის შესახებ. უშიშროების საბჭოს წევრებმა უარი თქვეს რეზოლუციის მხარდაჭერაზე, რადგან იქ არ იყო დაგმობილი რუსეთის ქმედებები, რომელიც პასუხისმგებელია უკრაინაში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე.
რეზოლუციის თანაავტორობას დათანხმდნენ ბელარუსი, სირია და ჩრდილოეთ კორეა, თუმცა უშიშროების საბჭოში ისინი არ შედიან.
გაეროს აშშ-ს ელჩმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ რუსეთი მორიგ ჯერზე ცდილობს, "თავისი სასტიკი ქმედებების დასაფარად" უშიშროების საბჭო გამოიყენოს.
"ნამდვილად არაკეთილსინდისიერია, რომ რუსეთს ეყო თავხედობა, წამოეყენებინა რეზოლუცია, რომელიც მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას გადაჭრას კრიზისი, რომელიც მხოლოდ რუსეთმა შექმნა. რუსეთს არ ადარდებს გაუარესებული ჰუმანიტარული პირობები ან მილიონობით სიცოცხლე და ოცნებები, რომელიც ომმა გაანადგურა. მათ რომ ადარდებდეთ, ომს შეწყვეტდნენ", - განაცხადა აშშ-ს ელჩმა.
ამავე დროს, გაეროში რუსეთის მისიის ხელმძღვანელმა, ვასილი ნებენზიამ თქვა, რომ მათი რეზოლუციის პროექტი "სხვა ჰუმანიტარული რეზოლუციის პროექტების ანალოგია".