logo
ENG



გაეროში რუსეთის მისიის წარმომადგენელმა, ბორის ბონდარევმა თანამდებობა დატოვა

23 მაი 202217:38
3 წუთის საკითხავი
 

რუსმა დიპლომატმა, გაეროში რუსეთის მისიის წარმომადგენელმა, ბორის ბონდარევმა თანამდებობა დატოვა. 

ინფორმაცია თავდაპირველად Human Righst Watch-ის დირექტორმა, ჰილელ ნეიერმა გამოაქვეყნა, შემდეგ კი განცხადება თავად ბონდარევმაც ლინკდინზე გაავრცელა. 

განცხადებაში რუსი დიპლომატი წერს, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში 2002 წლიდან მუშაობს, თუმცა, 20 წლის განმავლობაში ისე არასდროს შერცხვენია თავისი ქვეყნის გამო, როგორც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რცხვენია. 

"პუტინის მიერ გაჩაღებული აგრესიული ომი უკრაინისა და ფაქტობრივად მთელი დასავლური სახელმწიფოს წინააღმდეგ არის არა მხოლოდ დანაშაული უკრაინელი ხალხის მიმართ, არამედ, ალბათ ყველაზე დიდი დანაშაული რუსი ხალხის მიმართაც, დიდი Z ასოთი, რომელიც ქვეყანაში თავისუფალი საზოგადოების განვითარების ყველანაირ იმედს და პერსპექტივას კლავს. 

მას, ვისაც ეს ომი უნდა, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს - სამუდამოდ შეინარჩუნოს ძალაუფლება, იცხოვროს უგემოვნო პომპეზურ სასახლეებში, იცუროს იახტით, რომლის ღირებულებაც მთელი რუსული საზღვაო ფლოტის ფასს აღემატება და ისარგებლონ შეუზღუდავი ძალაუფლებით და დაუსჯელობით. ათასობით რუსი და უკრაინელი უკვე დაიხოცა ამის გამო". - წერს ბონდარევი.

მისივე განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა  სამინისტროში, წლებთან ერთად, არაპროფესიონალიზმის დონე მატულობს, ბოლო პერიოდში კი პიკს მიაღწია. 

"ნაცვლად მიუკერძოებელი ინფორმაციის მიღების, ანალიზისა და პროგნოზების გაკეთებისა, ისინი 1930-იანი წლების პროპაგანდისტული კლიშეებით მუშაობენ. ასე აშენდა სისტემა, რომელიც თავს იტყუებს". - წერს ის. 

ბონდარევი იმასაც ამბობს, რომ მზად არის, განიხილოს სამსახურის შემოთავაზებები. 


close დახურვა