logo
ENG



გაეროში ყვითელი ვარსკვლავის გაკეთების გამო ისრაელის ელჩი გააკრიტიკეს

31 ოქტ 202315:00
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/31/eq9ghlmxqk4y75p.jpeg
Michael M. Santiago/Getty Images

გაეროში ყვითელი ვარსკვლავის გაკეთების გამო ისრაელის ელჩი, გილად ერდანი ჰოლოკოსტის ხსოვნის მსოფლიო ცენტრის, იად ვაშემის თავმჯდომარემ გააკრიტიკა. მისი თქმით, ერდანის გადაწყვეტილება, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ყვითელი ვარსკვლავი გაეკეთებინა, ისრაელისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა შეურაცხყოფაა.

"ყვითელი ვარსკვლავი გამოხატავს ებრაელი ხალხის უმწეობას - დღეს ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო და ძლიერი არმია. ჩვენ ვართ ჩვენი ბედის გამგებლები. დღეს ჩვენ უნდა ვატაროთ ცისფერი და თეთრი დროშა, არა - ყვითელი ვარსკვლავი", - დაწერა დაბი დაიანმა სოციალურ ქსელში.

დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ ყვითელი ვარსკვლავის ტარებას აპირებს მანამ, სანამ ორგანოს წევრები ჰამასის "სისასტიკეს" არ დაგმობენ.

ნაცისტური გერმანიის პერიოდში ებრაელებს აიძულებდნენ, რომ დავითის ყვითელი ვარსკვლავი ეტარებინათ. დღეს ვარსკვლავის გაკეთება ჰოლოკოსტის შეხსენებასთან ასოცირდება. 

"ზოგიერთმა თქვენგანმა ბოლო 80 წლის განმავლობაში ვერაფერი ისწავლა. ზოგიერთმა თქვენგანმა დაივიწყა, რატომ შეიქმნა ეს ორგანო", - განაცხადა გილად ერდანმა და უშიშროების საბჭო "დუმილის გამო" გააკრიტიკა.

ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან სამი კვირის თავზე უშიშროების საბჭოს ამ დრომდე არც ერთი რეზოლუცია არ მიუღია. უკვე რამდენიმე კვირაა ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტის გამო გაეროს უშიშროების საბჭო გაყოფილია, რის გამოც რეზოლუციის ოთხი ტექსტი დაიბლოკა.

ზოგიერთ ტექსტს ვეტო დაადო აშშ-მა, რომელიც ისრაელის ახლო მოკავშირეა, რადგანაც იქ არ იყო ნახსენები ისრაელის უფლება თავდაცვაზე.

სხვა ვარიანტი, რომელიც გაეროში აშშ-მა წარადგინა, დაბლოკეს რუსეთმა და ჩინეთმა, რადგანაც ის ცეცხლის შეწყვეტისკენ მკაფიო მოწოდებას არ შეიცავდა.


close დახურვა