სერგეი გავრილოვი, რომლის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და რუსულ ენაზე ასამბლეის წაყვანას 20 ივნისის ანტისაოკუპაციო საპროტესტო გამოსვლების დარბევა მოჰყვა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებით კმაყოფილია.
პრეზიდენტის პოზიცია რუსი დეპუტატისთვის სერიოზულ გზავნილია იმისთვის, რომ საქართველო რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად არის მზად. გავრილოვის კმაყოფილება ოპოზიციისთვის რუსული პროპაგანდისა და მტრის პოზიციის გაძლიერებას ნიშნავს.
ოპოზიციისთვის მიუღებელია, რომ დასავლეთის მწვავე კრიტიკის ფონზე პრეზიდენტმა მოახერხა, რომ მხოლოდ გავრილოვის მოწონება დაემსახურებინა. ისინი ხელისუფლებას კაპიტულანტური პოზიციის გამო აკრიტიკებენ
ოცნებაში ამბობენ, რომ გავრილოვის განცხადებები ქვეყანაში ვითარების დაძაბვას ემსახურება. ოპოზიციას კი გავრილოვის პროვოკაციული ქმედების პოლიტიკური მიზნებით გამოყენებისთვის ადანაშაულებს.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებისთვის კი გავრილოვის რეაქცია სალომე ზურაბიშვილის განცხადებების შესაბამისია, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
სერგეი გავრილოვის ინტერვიუ "პარლამენტსკაია გაზეტამ" გაავრცელა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილი სიტყვით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოვიდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოს მინისტერიალზე თბილისში ჩამოსვლას რუსეთის დელეგაცია ოკუპაციის კანონის გვერდის ავლით შეძლებს.