სავარაუდოდ სუს-იდან საიდუმლო ფაილებმა გაჟონა.
თუ ფაილების ავთენტურობა დადასტურდება, გამოვა, რომ ქვეყანაში უსმენენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.
აკონტროლებენ მათ გადაადგილებას, საბანკო გადარიცხვებს და პირად ცხოვრებას.
ათასობით ფაილში გვხდება ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებაც, ვისი საშალებითაც ესა თუ ის სასულიერო პირი უნდა გადაებირებინათ.
დოკუმენტებში ინფორმაცია იმ მღვდლებზე, ვინც ნარკოდამოკიდებულია ან კრიმინალებთან მეგობრობს.
ფაილებს ღია წყაროებში, სავარაუდოდ, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი ავრცელებს. ის წერს:
"ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს - ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის".
არ არსებობს იმაზე ბოროტი და საშინელი სამსახური, სადაც მე რამდენიმე წელი გავატარე! სათაური ასეთი არ აქვს - სათაური კეთილშობილია - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური... სინამდვილეში კი, არაფერი არ უქმნის საფრთხეს ჩვენ სახელმწიფოს, არაფერი არ ხრწნის ისე, როგორც ჩვენ! ჩვენ კიბო ვართ და მეც ერთ-ერთი მეტასტაზი ვარ!
რა მნიშვნელობა აქვს დღეს იმას, რომ თავიდან არც წარმომედგინა, რომ ამის ნაწილი გავხდებოდი. თავიდან ასე არ წარმომედგინა ეს ყველაფერი - მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. მეგონა რომ ჩემი ქვეყნის დაცვის წინა ხაზზე მივდივარ. თან მეგონა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, წესებს ვიცავთ და დავიცავთ. თურმე მასშტაბი ბოროტების ათასჯერ უნდა გავზარდოთ!
ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს - ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით!
ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის.
ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან ყველაფერს საპატრიარქოში - ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება!
ჩვენ გვჭირდება ეს სიბილწე, რომ ვაკონტროლოთ და ვმართოთ. გამოვიყენოთ ადამიანების რწმენა იმისათვის, რომ ჩვენ სამსახურში იყოს ყველაფერი.
აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას - გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა!
მე არ მეძებოთ - ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!" - წერს ფაილების გამავრცელებელი.