უკრაინაში, დონეცკის ოლქში, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი ალექსეი მილჩაკოვი, სავარაუდოდ, დაიღუპა. მისი ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა რუსეთის ხელისუფლებას გენერლის დაღუპვა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
რუსმა პროპაგანდისტმა ანასტასია კაშევაროვამ განაცხადა, რომ მილჩაკოვის სამეთაურო პოსტზე განხორციელებული თავდასხმა ზუსტი დარტყმის ნიშნებს ატარებდა. მისი თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ სამეთაურო პოსტის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია „საკუთარი რიგებიდან“ გაიცა.
მილჩაკოვი 2022 წლიდან დონეცკის არმიის კორპუსს მეთაურობდა. მოგვიანებით ეს სამხედრო ფორმირება რეორგანიზებულ იქნა და 51-ე გაერთიანებული შეიარაღების არმიის შემადგენლობაში შევიდა. რუსული მედიის ცნობით, მილჩაკოვმა თანამდებობა გენერალ-მაიორ რომან კუტუზოვის შემდეგ დაიკავა, რომელიც 2022 წელს პოპასნასთან ბრძოლაში დაიღუპა.
მილჩაკოვის დაქვემდებარებაში მყოფი ძალები დონეცკის ოლქში მოქმედებდნენ. რუსული გამოცემა Vazhniye Istorii-ს ინფორმაციით, ის ავდიივკის, ნიუ-იორკისა და რეგიონის სხვა დასახლებებისთვის მიმდინარე ბრძოლებში ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ცნობით, 2024 წელს მილჩაკოვს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა.
