გალკინს, ახეჯაკოვასა და გრებენშჩიკოვს შესაძლოა რუსეთის შეიარაღებული ძალების კრიტიკისთვის სახელმწიფო ჯილდოები ჩამოართვან.
რუსეთის სახელმწიფო ჯილდოების კომისია პარტია ერთიანი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის ეკატერინა სტენიაკინას წინადადებას განიხილავს.
სტენიაკინას ინიციატივაა, ჩამოერთვას სახელმწიფო ჯილდოები მათ, ვინც უკრაინაში "რუსული სპეცოპერაციის" ჩატარების წინააღმდეგ მოსაზრებას გამოთქვამს, ხოლო მომავალში ხელოვანებს საპატიო წოდებები მათი სამოქალაქო პოზიციის გათვალისწინებით მიენიჭოს.
პარლამენტარის თქმით, "რუსეთისთვის რთულ პერიოდში უღირსად იქცეოდნენ კულტურული მოღვაწეები, რომლებიც საჯაროდ გმობდნენ უკრაინაში რუსული არმიის ქმედებებს". დეპუტატმა ხაზი გაუსვა იუმორისტისა და ტელეწამყვანის მაქსიმ გალკინის, "აკვარიუმის" ლიდერის, ბორის გრებენშჩიკოვის და მომღერალ ვერა ბრეჟნევას განცხადებებს, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის ომი დაგმეს.
"ნებისმიერ საზოგადო მოღვაწეს ჰყავს თაყვანისმცემლებისა და მიმდევრების უზარმაზარი აუდიტორია, რომლებისთვისაც მათი კერპის ნებისმიერი სიტყვა თუ საქმე დოგმაა. ხოლო როდესაც საჯარო პირს ენიჭება სახელმწიფო ჯილდო ან საპატიო წოდება, ეს დამატებით პასუხისმგებლობას გულისხმობს. დაუფიქრებელი ქმედებები და განცხადებები დაუშვებელია. სახალხო არტისტი არ შეიძლება იყოს არაპატრიოტი." - თქვა ეკატერინა სტენიაკინამ.
ამასთან, რუსეთში სახელმწიფო ჯილდოების შესახებ დებულება ადგენს, რომ საპატიო წოდების ან სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.