logo
ENG



გამომძიებელი: მივდივარ სამსახურიდან, სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს

02 ივნ 202101:16
3 წუთის საკითხავი
 
გამომძიებელი: მივდივარ სამსახურიდან, სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს
მთავარი არხი

იმერეთის სამხარეო პოლიციის გამომძიებელი ზურაბ ხმელიძე აცხადებს, რომ  უწყებას ტოვებს. მთავარ არხთან ინტერვიუში ხმელიძე ამბობს, რომ სისტემის დატოვების მიზეზი "რიონის ხეობის მცველების" მიმართ სოლიდარობა და  "უკანონო დავალებების" შესრულების იძულებაა. 

"მე მინდა, გავაკეთო განცხადება სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტამდე მიმიყვანა იმ გარემოებამ, რაც ხდება ნამოხვანში. სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს, ქალბატონ მაკა სულაძეს და იქ მდგომ თითოეულ ადამიანს, რომლებსაც უკანონოდ ელახებათ თავიანთი კონსტიტუციური უფლება და არ აქვთ თავიანთ სახლში გადაადგილების უფლება.

პოლიციის მიერ, ანუ, ჩემს მიერაც, მონაწილეობას ვიღებდი ხეობის ორად გაყოფაში და ამ ადამიანებს, ვინც ცხოვრობდნენ რეალურად იქით, აქვთ სახლები და ჰყავთ შვილები, ვუზღუდავდით თავისუფლად გადაადგილების უფლებას. ძაან მოქმედებს ადამიანის თავმოყვარეობაზე, სინდისზეც, ნამუსზეც. როდესაც უბრალოდ მოქალაქეს აქვს თავისი ბრძოლა თუნდაც ქვეყნისთვის და შენ ამას უზღუდავ", - ამბობს ხმელიძე მთავარ არხთან. 

ჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. აღსანიშნავია, რომ 23მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

"რიონის მცველები" ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

close დახურვა