ეპარქიის რეზიდენციაში პეტრე ცაავა დღეს ბოლო ღამეს გაატრებს. მისი თქმით, უკვე ხვალ თბილისში გაემგზავრება, თან წაიღებს მხოლოდ პირად ნივთებს. როგორც პეტრე ცაავამ მედიასთან განმარტა, ჯერჯერობით არ იცის, ზუსტად რას გააკეთებს თბილისში, თუმცა მზადყოფნა გამოთქვა, რომ სინოდის ფორმატში შეხვდეს ეპისკოპოსებს. ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ სხდომა იქნება საჯარო და საზოგადოებას ექნება საშუალება დააკვირდეს საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს.
"ეკლესიამ იცის შვიდი საიდუმლოება. სხვა საიდუმლოება ეკლესიაში არ არის. წმინდა სინოდს არ უნდა ჰქონდეს საიდუმლო, ვინაიდან მღვდელმთავრები და სინოდის წევრები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ და სიცრუეს ტირაჟირებენ. დღეს ამან კიდევ ერთხელ დამარწმუნა და მიმაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან გამოსვლისა არის სინოდის სხდომების გამჭვირვალება. მიმაჩნია, რომ სინოდის სხდომები საპატრიარქოს არხის მეშვეობით, პირდაპირ ეთერში უნდა გაშუქდეს. თუ მომიწვევენ დავესწრები, მაგრამ მოვითხოვ პირდაპირ ეთერში საპატრიარქოს არხზე გავიდეს", - განაცხადა მეუფე პეტრემ.
ყოფილ მმართველთან ერთად ეპარქიას კიდევ ორი წინამძღვარი - იღუმენია თამარი და მამა ანდრია - დატოვებს.