logo
ENG



გამოცემა დოჟდი: ნავალნის გერმანიაში გადაყვანაზე რუსი ექიმები თანახმანი არიან

21 აგვ 202020:06
3 წუთის საკითხავი
 

ომსკის საავადმყოფოს ექიმები, სადაც ალექსეი ნავალნი იმყოფება, აცხადებენ, რომ არ არიან პოლიტიკოსის გერმანიაში გადაყვანის წინააღმდეგი. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარი ექიმის შემცვლელმა ანატოლი კალიჩნკომ განუცხადა - წერს "დოჟდი" გამოცემა Город55-ზე დაყრდნობით.

„პაციენტს პოზიტიური დინამიკა აქვს. საკმარისად სტაბილურია. ძმა და ცოლი რისკებს საკუთარ თავზე იღებენ. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი მისი სხვა სტაციონარში გადაყვანის. ეს დღეს მოხდება,“ - თქვა მან. 

ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში ტვიტერზე წერს, რომ თანხმობა ექიმებისგან, დაგვიანებით, მაგრამ, მაინც მიიღეს. 

„ალექსეის ტრანსპორტირებაზე მოლაპარაკებები მკვდარი წერტილიდან დაიძრა. შესაძლებელია, მისი გადაყვანა შევძლოთ. სამწუხაროა, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად ექიმებს ამდენი დრო დასჭირდათ. თვითმფრინავი დილიდან მზადაა, დოკუმენტებიც“, - წერს ტვიტერზე კირა იარმიში, ნავალნის პრესსპიკერი. 

ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანას პოლიტიკოსის ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს მთელი დღის განმავლობაში მოითხოვდნენ. ამ მოთხოვნით რუსი ოპოზიციონერის მეუღლემ იულია ნავალნაიამ დღეს რუსეთის პრეზიდენტსაც მიმართა. 

ნავალნი​ საავადმყოფოში გუშინ, 20 აგვისტოს გადაიყვანეს. პოლიტიკოსის პრესმდივანი კირა იარმიში ვარაუდობს, რომ ნავალნი მოწამლეს. მისივე თქმით, მან აეროპორტში ჩაი დალია, ფრენის დროს კი შეუძლოდ გახდა. 

ომსკის​ კლინიკის მთავარმა ექიმმა ალექსანდრ მუხაროვსკიმ დღეს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება არ აღმოჩნდა. 

 


close დახურვა