დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, თენგიზ ცერცვაძის გუშინდელი განცხადების საპირისპიროდ, ამბობს, რომ ქვეყანაში რეინფიცირების დადასტურებული შემთხვევები ჯერ არ გამოვლენილა.
გამყრელიძის თქმით, მიმდინარეობს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის კვლევა, თუმცა, მისი თქმით, საკითხის დადასტურებულად გადაწყვეტას მაღალტექნოლოგიური კვლევა და პროფესიულ საბჭოზე განხილვა სჭირდება.
"მიმდინარეობს კვლევა, რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია, რომ ნამდვილად რეინფიცირება გვქონდა საქართველოში, ჩვენ არ გვაქვს. გვაქვს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა და ამავე დროს მიმდინარეობს ე.წ გენომის სეკვენირება, რომელიც დროს და შესაბამის, მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს, რომლის საშუალებაც დღეს მხოლოდ ლუგარის ცენტრს აქვს საქართველოში.
რომ დავადასტუროთ, ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება, ამას სჭირდება კარგად განხილვა პროფესიულ საბჭოზე და შემდგომ გადაწყვეტა ყველა იმ ლაბორატორიული, თუ სხვა კლინიკური არგუმენტის მიხედვით, რომელიც არის", - ამბობს გამყრელიძე.
გუშინ, 3 დეკემბერს ფორმულაზე სტუმრობისას, ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ის შემთხვევები მიმოიხილა, როდესაც კოვიდინფექცია პაციენტებში ვირუსის მიმართ გაძლიერებულ იმუნიტეტს არ ტოვებს და თქვა, რომ ქვეყანაში რეინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევა იყო გამოვლენილი.
"შეიძლება ანტისხეულები გამომუშავდეს და ისინი არ იყვნენ საკმარისი დამცველი პოტენციალით აღჭურვილი. ისევე, როგორც ზოგიერთ კოვიდგადატანილს დღეს უვითარდება მეტნაკლებად ძლიერი იმუნიტეტი და ზოგს - არა. იყო ასეთი რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც არ ჰქონდათ ანტისხეულები და შეიძლება მეორედ დაემართოთ კოვიდი. დაემართა უკვე რამდენიმე ჩვენ ყოფილ პაციენტს. ჩვენთან დაახლოებით დადასტურებული სამი შემთხვევაა", - თქვა გუშინ ცერცვაძემ.