დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დიდი უნივერსიტეტების სივრცეებში ამცრელი ცენტრები გაიხსნება. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, მსგავსი ცენტრი ხვალ ტექნიკური უნივერსიტეტის მეშვიდე კორპუსში დაიწყებს მუშაობას.
გამყრელიძის თქმით, რეკომენდაციაა, რომ იქ სადაც კლასტერული ეპიდაფეთქებაა, მოსახლეობის აცრა მოხდეს მაქსიმალურად სწრაფად.
"ხვალ იწყებს სერიოზული ამცრელი ცენტრი მუშაობას, ტექნიკური უნივერსიტეტის მეშვიდე კორპუსში, რომელიც ათი ამცრელი ბრიგადით არის დაკომპლექტებული. არის აფილირებული რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან და მენეჯმენტს რესპუბლიკური საავადმყოფო აწარმოებს. ასეთივე ამცრელი ცენტრები მომავალი კვირის განმავლობაში გაჩნდება რამდენიმე დიდ უნივერსიტეტთან, საუნივერსიტეტო სივრცეებში", - თქვა გამყრელიძემ. მსგავს სივრცეებში ადამიანებს აცრა წინასწარი დაჯავშნის გარეშე შეეძლებათ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება.
მთავრობის დადგენილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ შეეხება. შეზღუდვა იმოქმედებს ყველა ქალაქში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს.
გარდა ამისა, სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, ასევე იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა.
კიდევ ერთი შეზღუდვა კვების ობიექტებს შეეხება. კერძოდ, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.
აღსანიშნავია, რომ საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მთავრობა კერძო სექტორსაც მიმართავს.