დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ შეძენილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის 90 000 ადამიანი უკვე აცრილია და მარაგში კიდევ დაახლოებით 100-110 ათასი დოზაა დარჩენილი. მისი თქმით, ახლა ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, თუმცა ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში ის გამოჩნდება, შესაბამისად, გამყრელიძე მოსახლეობას 15 დეკემბრამდე აცრას ურჩევს.
"პირველ რიგში ვაქცინა გამოიყენება რისკჯგუფებზე, ესენი არიან ხანდაზმული ადამიანები, დიალეზზე მყოფები, შიდსით ინფიცირებულები, ჰეპატიტიანები, ასევე ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, მასწავლებლები და ა.შ. ახლა უფრო და უფრო ვაფართოებთ და ხვალ იქნება ბრძანება, რომ ყველას შეუზღუდავად, არამარტო რისკჯგუფებს, არამედ ყველას შეეძლოს, ჩაიტაროს აცრა. სასურველია, დეკემბრის 15-მდე ყველა ავიცრათ. ჯერ არ გამოჩენილა გრიპის ვირუსი ქვეყანაში. იცით, რომ ვაკვირდებით. გვაქვს ყოველკვირეული მონიტორინგი მთელი ქვეყნის მაშტაბით, ე.წ. საყრდენი ბაზებით", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.