დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში დიდი ამცრელი ცენტრების მიმართულებით ავტობუსები დაინიშნება.
"დადგა ასეთი წინადადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, რომელსაც საბჭომ დაუჭირა მხარი, რომ განსაკუთრებით დიდ ქალაქებში – თბილისში ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი დიდი ამცრელი სივრცეებისკენ", - განაცხადა გამყრელიძემ.
მას მაგალითად მოჰყავს რესპუბლიკური საავადმყოფო და სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელიც დღეში 4 500 ადამიანს ცრის. გამყრელიძე განმარტავს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოსკენ ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან სპეციალური ავტობუსები. მსგავსი ტრანსპორტი დაინიშნება სხვა კლინიკების მიმართულებითაც. მისივე თქმით, საბჭოს უკვე გადაეცა მსგავსი საავადმყოფოს ლოკაციები აღნიშნულ 4 დიდ ქალაქში:
"იქ სადაც პოლიკლინიკები ახლოსაა, მოქალაქეები ფეხითაც შეძლებენ მისვლას".
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით გარკვეული შეზღუდვები ამოქმედდება.
მთავრობის დადგენილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ შეეხება. შეზღუდვა იმოქმედებს ყველა ქალაქში, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს.
გარდა ამისა, სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, ასევე იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა.
კიდევ ერთი შეზღუდვა კვების ობიექტებს შეეხება. კერძოდ, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.
აღსანიშნავია, რომ საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მთავრობა კერძო სექტორსაც მიმართავს.