logo
ENG



გამყრელიძე: დაჟინებით მოვუწოდებ ბატონ მიხეილს, შეწყვიტოს შიმშილობა

16 ნოე 202113:35
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: დაჟინებით მოვუწოდებ ბატონ მიხეილს, შეწყვიტოს შიმშილობა
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს. სააკაშვილი 47-ე დღეა, შიმშილობს. ის ამბობს, რომ თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, შიმშილობას შეწყვეტს.

გამყრელიძის თქმით, ძალიან სწრაფად შეიძლება განვითარდეს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები.

"მე, როგორც ექიმი ამირან გამყრელიძე და არა დღევანდელი თანამდებობის პირი, მოვუწოდებ დაჟინებით ბატონ მიხეილს, რომ მან შეწყვიტოს შიმშილობა, რამეთუ ეს უკვე მისი ჯანმრთელობისთვის ცეცხლთან თამაშია, ის პერიოდია. ანუ იქ ძალიან სწრაფად და ყოველთვის შეიძლება განვითარდებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი გართულებები. მე ძალიან ვენდობი იმ კონსილიუმს, რომელიც შექმნილია", - თქვა გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, გაფართოებულმა კონსილიუმმა უნდა დაასკვნას, რა ტიპის სამედიცინო დახმარება სჭირდება სააკაშვილს და - სად.

"დავეყრდნოთ გაფართოებული კონსილიუმის დასკვნას, მათ თქვან, რა ტიპის ჯანდაცვითი მონიტორინგი სჭირდება დღეს ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რა ტიპის სამედიცინო დახმარება სჭირდება, რა ტიპის რეაბილიტაცია და სად უნდა ჩატარდეს ეს", - აღნიშნა გამყრელიძემ.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 


close დახურვა