დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ სულ მცირე 1 წელი ან წელიწად-ნახევარი გაგრძელდება.
როგორც გამყრელიძემ ვიდეომიმართვაში განმარტა, მიუხედავად ამისა, ის დარწმუნებულია, რომ ვაქცინაცია პანდემიის მიმდინარეობაში დიდ გარდატეხას შეიტანს.
"ეს ვირუსი ჯერ კიდევ ბევრ რამეს გვასწავლის, საჭიროა ამ 1 წლის გამოცდილების კარგი ანალიზი, რომ ჩვენ უფრო მომზადებული შევხვდეთ 2021 და 2022 წლებს. ეს პანდემია არ დამთავრდება ასე მალე. დარწმუნებული ვარ ვაქცინაცია დიდ გარდატეხას შეიტანს პანდემიის მიმდინარეობაში, მაგრამ თვითონ ახალი კორონავირუსის ცირკულაცია კიდევ სულ მცირე ერთი წელი, წელიწად-ნახევარი გაგრძელდება, სანამ მისი ბიოლოგიური ციკლი არ დასრულდება და არ შეიქმნება გაჯერებული იმუნური ფენა", - აღნიშნა გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ზუსტად 1 წლის წინ, ჩინეთში გამოვლინდა. მას შემდეგ ვირუსისგან მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიონ 500 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. რაც შეეხება საქართველოს, ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს გამოვლინდა. მას შემდეგ Covid 19-ით 227 420 დაინფიცირდა, ხოლო 2505 დაიღუპა.