logo
ENG



გამყრელიძე: მინდა მივმართო კერძო სექტორს, ვიყოთ სოლიდარულები და არ ვისარგებლოთ მოცემულობით

12 მარ 202019:24
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით ბოლო მონაცემებზე მედიასთან განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, ახლა მთავარი ამოცანაა ინფექციის მინიმუმამდე დაყვანა და რაც შეიძლება მცირე რაოდენობის დადასტურება. 

"მთავარი ამოცანაა მინიმუმამდე დავიყვანოთ ალბათობა ახალი შემთხვევების, ხელი შევუშალოთ ინფექციის შიდა გადაცემას, ამისთვის კი დისტანციური მუშაობა ან სწავლება მნიშვნელოვანია. ასევე, თვითიზოლაციას და კარანტინს დიდი მნიშვნელობა აქვს მთელ ამ პროცესში. მოსახლეობას კი მინდა მივმართო, რომ კარანტინში მყოფი მოქალაქეების მიმართ იყვნენ სოლიდარულები. ვირუსი ჰაერში არ დაფრინავს",-აღნიშნა გამყრელიძემ. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია არსებულ ვითარებაში სოლიდარობა გამოხატოს კერძო სექტორმაც და განსაკუთრებით ეს ეხება ფარმაცევტულ კომპანიებს. 

"პანდემიის დროს, მინდა მივმართო კერძო სექტორს - როგორც ჰოსპიტალურსა და ამბოლატორიულს, ასევე ფარმაცევტულს, არ ვისარგებლოთ ამ მოცემულობით. ვიყოთ სოლიდარულები და ხელი შევუწყოთ, რომ მოსახლეობას მეტი ფინანსური ხელმისაწვდომობა ჰქონდეს ყველა მედიკამენტურ თუ სამედიცინო საჭიროებაზე",-აღნიშნა გამყრელიძემ. 

რაც შეეხება დღევანდელ მონაცემებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, გამყრელიძის შეფასებით, ჩინეთს გარდა, ყველა ქვეყნაში ფიქსირდება ვირუსით დაინფიცირების ზრდა. შესაბამისად, საქართველოშიც რიცხვის კიდევ უფრო მომატებაა მოსალოდნელი. 

"ჩინეთს გარეთ სიტუაცია უარესდება. 130-მდე დადასტურებული შემთხვევაა ჩინეთს გარეთ, ამიტომაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დღევანდელი ვითარება გამოაცხადა, როგორც პანდემია. ეს გახლავთ გლობალური ეპიდემია, როცა ის თითქმის ყველა კონტინენტსა და ქვეყანაშია. არც ისე ხშირად ხდება პანდემიის გამოცხადება.  ჩვენც ვერ ავცდებით ინფექციის შემოტანას ქვეყანაში და ვერც ავცდით. ბოლო მონაცემებით გვაქვს 25 დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან ორი უკავშირდება ირანის ისტორიას, ერთი ესპანეთს, ხოლო დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იტალიას",-აღნიშნა გამყრელიძემ.  

 


close დახურვა