logo
ENG



გამყრელიძე: საქართველოში ვირუსით ინფიცირების ზრდის მაჩვენებელი იზრდება

29 თებ 202013:18
3 წუთის საკითხავი
 

დღევანდელი მონაცემებით, გლობალურად დაფიქსირებულია 85 ათას 227 დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევა, აქედან 79 200 გამოვლენილია ჩინეთში და 6 ათასამდე - ჩინეთს გარეთ. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ავრცელებს. მისი თქმით, სულ დაფიქსირებულია გარდაცვალების 2 924 შემთხვევა. ჩინეთს გარეთ კი განსაკუთრებით იმატებს შემთხვევათა რაოდენობა სამხ. კორეაში, ირანსა და იტალიაში. ამ უკანასკნელში 849 დადასტურებული შემთხვევაა და აქედან 21 სიკვდილით დასრულდა. მთლიანი ციფრიდან დაახლოებით 40 ათასი გამოჯანმრთელებული ადამიანია. რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, გამყრელიძის განმარტებით, ინფიცირების შემთხვევები ზრდადია.

"სამწუხაროდ, საქართველოში, ჯერჯერჯობით გვაქვს ზრდის დინამიკა. ამ ორ თვეში გვქონდა შესაძლოა შემთხვევათა 93 ფაქტი, ანუ იგულისხმება ადამიანები, რომლებიც დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ. მათ ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები. რაც შეეხება კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევას, დღეს დილას დაემატა მე-3 პირი. გვიან ღამით დასრულდა კვლევები. დავირუსებული გახლავთ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანში მოგზაურობდა. ასევე აღვნიშნავ გუშინ, მეორე დადასტურებულ ფაქტს, 31 წლის ქალს  ჰქონდა კონტაქტი ახლობლებთან, მათ შორის შვილთან. თუმცა ახალგაზრდას ვირუსი არ დაუდგინდა. აქვე მოგახსენებთ, "ვივა მედის" დაქვემდებარებაში არსებულ სასტუმროში მოთავსებულ პაციენტებზეც. ეს კლინიკა გახლავთ კერძო დაწესებულება და კარგია, რომ ის სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე წამოვიდა. ვიცით, რომ ადგილზე რთული პირობებია და  ჯანდაცვის სამინისტრო ინტენსიურადაა ჩართული პროცესებში. უკვე ყველაფერი წესრიგდება", - განმარტა გამყრელიძემ. 

ამირან გამყრელიძემ ისაუბრა, ასევე, სკოლებში სწავლების შეჩერებასთან დაკავშირებით. მან ყველა სკოლას მოუწოდა ჰიგიენის ნორმების დაცვისკენ, მაგრამ, მისივ ეგანმარტებით,  ამ ეტაპზე სწავლების შეჩერების აუცილებლობა არ არის.


close დახურვა