logo
ENG



გამყრელიძის თქმით, ვინც სვანეთში თვითიზოლაციაშია, მათ თავისი თავის უზრუნველყოფა მოუწევთ

10 აგვ 202018:08
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძის თქმით, ვინც სვანეთში თვითიზოლაციაშია, მათ თავისი თავის უზრუნველყოფა მოუწევთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, სვანეთის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში შედარებით მკაცრი რეგულაციები დაწესდა. როგორც გამყრელიძე განმარტავს აღნიშნულ სოფლებში გადაადგილება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში იქნება შესაძლებელი.

აღნიშნულზე გამყრელიძემ "ფორმულას" გადაცემაში "კომენტარი" ისაუბრა.

"იქ არის დიფერენცირებული მიდგომა ლენჯერის თემში, სადაც თუ არ ვცდები 5 სოფელი შედის, თვითონ დაბა მესტია, სოფელი უშგული, იქ შედარებით მკაცრი რეგულაციები დაწესდა. იქ არის საუბარი, რომ მხოლოდ იფუნქციონირებს ბანკები, აფთიაქები, სასურსათო მაღაზიები და შესაბამისად ისინი იქნებიან მკაცრ იზოლირებულ პირობებში, ანუ არ არის რეკომენდირებული გარეთ გასვლა.

დანარჩენ ადგილებში არის სლოგანი-რეკომენდაცია დარჩი სახლში, მაგრამ მკაცრი საიზოლაციო რეჟიმი არ იფუნქციონირებს",-განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება წამყვანის შეკითხვას, დაეხმარება თუ არა სახელმწიფო იმ ადამიანებს, ვინც სვანეთში იმყოფება, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მესტიაში საკარანტინე სივრცეები არის და ვისთვისაც იქ გადაყვანა საჭირო იქნება, მათ სახელმწიფო უზრუნველყოფს, ხოლო ვინც სახლში თვითიზოლაციის რეჟიმში იქნება, მათ საკუთარი თავის უზრუნველყოფა მოუწევთ.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები დაწესდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, გადაადგილება იზღუდება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. გარდა ამისა, წესდება შეზღუდვები დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის.


close დახურვა